вторник, 26 июля 2016 г.

მურმან ლებანიძე


მურმან ლებანიძე

დაიბადა 1922 წელს 14 ნოემბერს, აზერბაიჯანის დაბა აღსთაფაში. 1940 წელს სკოლის დამთავრების შემდეგ, სწავლა განაგრძო თსუ-ს ფილოლოგიის ფაკულტეტზე (დაამთავრა 1948 წელს). 19 წლის ასაკში გაიწვიეს ჯარში, მონაწილეობა მიიღო მეორე მსოფლიო ომში; 1943 წელს მძიმედ დაიჭრა და დაბრუნდა თბილისში.
1946 წლიდან მუშაობდა საყმაწვილო-სალიტერატურო ჟურნალ-გაზეთების რედაქციებში. საქართველოს ბეჭდვითი სიტყვის კომიტეტის მთავარ რედაქტორად. 1978 წლიდან შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიების კომიტეტის პასუხისმგებელი მდივანი და თავმჯდომარეა.
ლირიკული ლექსების პირველი კრებული 1950 წელს გამოაქვეყნა.
მურმან ლებანიძე ნაყოფიერად მუშაობდა მთარგმნელობით სფეროშიც. მან თარგმნა იაპონური, კლასიკური და ძველი ეგვიპტური პოეზიის ნიმუშები, რედიარდ კიპლინგის, რობერტ ბერნსის ლექსები, შექმნა რუსული კლასიკური პოეზიის მიკროანთოლოგია (კრებული „უკვდავი ყვავილები“, 1971).
1972 წელს მურმან ლებანიძეს მიენიჭა შოთა რუსთაველისა და გალაკტიონის პრემიები. დაჯილდოებული იყო ღირსების ორდენით. 1995 წელს აირჩიეს თბილისის საპატიო მოქალაქედ.

გარდაიცვალა 2002 წლის 17 აგვისტოს,  დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.


იაპონური ლირიკა

ოთხი ტანკა
კაკინომოტო ხიტომარო (VII საუკუნე)

მთებზე წითელ-ყვითელი ნეკერჩხლები ანთია,
დაბურულან ტოტებში ბილიკები ტყის...
სად ხარ, გეძებ ამაოდ?!
სად, სად დაეხეტები?! _
შემოდგომის ტყეებში გზის გაგნება ჭირს.

ოტომო იაკომოტი (VIII საუკუნე)

ხმები შენს გამო, შენს შესახებ, ჩემამდე აღწევს
ექოდ ქარიშხლის, რომელიცა ეძგერა ლახვრად
აპრილის ტყემლებს და ყვავილი გააყრევინა...
და ჰა, შენდამი სასოებით
სავსე ვარ ახლად!

კი-ნო ცურაიუკი

ვარსკვლავი მოწყდა, ეს ვარსკვლავი შორდება ვარსკვლავს,
მარადი ნისლი მარადსავე ზეცის მდინარეს
და ყოველივეს, ყოველივეს ნისლები ფარავს...
ვიღაც მეძახის - რომელი ხარ?! ვინ სწუხს, ვინ არის?!
თოლია იყო - თოლიების ტირილი მზარავს.

ფუძივარა კიესკე

ო, ეს ცხოვრება! - წარმავალი, ფუჭი და ხრწნადი!
ეს ფაციფუცი!... ეს სიზმარი და არა ცხადი!
რაა სიცოცხლე, რასაც ესრეთ გაუდის ყავლი,
თუ არ ამაო, განსაბნევად განმზადებული,
განმკრთალი ზეცის, უფსკრულებში პაწია კვამლი!

რობერტ ბერნსი

შოტლანდიელი პოეტი და ფოლკლორისტი, 
Robert Burns (1759 - 1796)

დაუსტვინე, ჩემო ბიჭო, და გავჩნდები შენთან!
დაუსტვინე, ჩემო გიჟო, და გავჩნდები შენთან!
გაგიჟდება მამაჩემი, შეიშლება დედა, _
სულ ერთია, დაუსტვინე და გავჩნდები შენთან!
მაგრამ ჭკუით მოიქეცი, რაკი ქალთან მიხვალ:
კუტიკარის მხრიდან მოდი, არ მოადგე ჭიშკარს,
თავს ნურავის დაანახებ, არ გაგიგონ, ვინ ხარ,
ვითომც ჩემთან კი არა და ვითომც სხვასთან მიხვალ.
ვითომც ჩემთან კი არა და ვითომც სხვასთან მიხვალ.
თუ ბაზარში შემხვდე უცბად, ანუ საყდრის კარად,
უცხოსავით შემხვდი კუშტად, ჩამიარე მწყრალად,
ერთხელაც რომ გადმომხედო, დამიჯერე, კმარა,
ისიც, ვითომ სხვას უყურებ, მართლა მე კი არა!
ისიც, ვითომ სხვას უყურებ, მართლა მე კი არა!
გაჯიქდი და იუარე და მზად გქონდეს ფიცი,
თქვი, რომ სულაც არ მოგწონვარ, თქვი, რომ სხვისთვის იწვი,
ოღონდ ეს კი დაიხსომე, არსად წაგცდეს ბიჯი,
გეშინოდეს, არ წამართვას ვინმემ ჩემი ბიჭი,
ბიჭო, მართლა არ წამართვას ვინმემ ჩემი ბიჭი!
დაუსტვინე, ჩემო ბიჭო, და გავჩნდები შენთან!
დაუსტვინე, ჩემო გიჟო, და გავჩნდები შენთან!
რომც გაცოფდეს მამაჩემი, რომც გაგიჟდეს დედა, -
სულ ერთია, დაუსტვინე და გავჩნდები შენთან!

ხოსე მარტი

კუბელი პოეტი, მწერალი, პუბლიცისტი
Jose Julian Marti y Perez (1853 - 1895)

ფრთოსანი თასი

ვინ, ვინ დამასწრო, ვინ ნახა თასი,
რომელმა ნახა ფრთოსანი თასი?
ვინ დამასწრო და რომელმა ნახა
გასაოცარი ფრთოსანი თასი?
მე გუშინ ვნახე ფრთოსანი თასი,
წმიდათაწმიდა რამ ჯილდოს მსგავსი;
ფრთა გაშალა და ის იყო, უნდა
აფრენილიყო ამაყად ცაში,
მე დავაკონე მას ბაგე მაშინ,
წამით შეყოვნდა ზეციურ გზაზე...
ო, შენი კოცნა იყო ის თასი,
გასაოცარი ნექტარით სავსე.

მახსოვს საღამო, გიშრის ნაწნავებს
შლიდნენ ეს ჩემი თითები ნაზად,
შენც უხვი იყავ იმ სიყვარულში
ჩემი კაცობის ჯილდოდ და ფასად.
ჰაერი იყო სუფთა და წმინდა
იმ სიყვარულის კვალად და მსგავსად.
შორს იყო ჩვენგან სამყარო ვრცელი,
მისი ხმაური ჩვენს მიღმა დარჩა,
არსად  იმისი შური და მტრობა,
მისი ველური ყიჟინა  არსად!

თასი კი... თასი ცად მიფრინავდა,
ცად მიიწევდა ფრთოსანი თასი
და მასთან ერთად მეც ვლაღდებოდი,
მეც ვმაღლდებოდი იისფერ ცაში.
და ვსვამდი ხარბად საამო ნექტარს,
სიცოცხლე იყო იმისი ფასი...
ო, სიყვარულო, შენ ხარ სრულყოფა,
შემოქმედების შენა ხარ არსი!

იცის, რკინეულს გასჭედავს მხოლოდ,
როცა მჭედელი რკინას ხელს ჰკიდებს,
ოქრომჭედელსაც ერთი აქვს ნიჭი -
ტვიფრავს ოქროზე ვარდებს და ჩიტებს,
ხოლო შენ სხვა ხარ, ხარ ერთადერთი,
ყოვლისმომცველი და მეტიც კიდევ:
ო, სიყვარულო, შენი ნიჭია,
რომ ერთი კოცნა სამყაროს იტევს.

суббота, 23 июля 2016 г.

გრიგოლ აბაშიძე


დაიბადა 1914 წლის 19 ივლისს სოფელ რგანში (ჭიათურა).
1936 წელს დაამთავრა თსუ-ს ფილოლოგიის ფაკულტეტი და შემდეგ ორი წლით გააგრძელა სწავლა მოსკოვის კინემატოგრაფიის ინსტიტუტის სასცენარო განყოფილებაზე. 1944-1951 წლებში. მუშაობდა ჟურნალ „ნიანგის“ რედაქტორად, 1951-1960 წლებში, „დროშის“ და 1960-1967 წლებში - ჟურნალ „მნათობის“ რედაქტორად. 1982-1994 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს მინისტრთა საბჭოსთან არსებულ შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიების კომიტეტს. ლექსების გამოქვეყნება სტუდენტობის წლებში დაიწყო, შექმნილი აქვს  ისტორიული რომანები: „ლაშარელა“ (1957), „დიდი ღამე“ (1963), „ცოტნე ანუ ქართველთა დაცემა და ამაღლება“ (1975); აღსანიშნავია მისი მთარგმნელობითი მოღვაწეობა. თარგმნილი აქვს შანდორ პეტეფის, მიხაი ემინესკუს, ხრისტო ბოტევის, ნიზამი განჯელის და სხვა დიდი პოეტების ნაწარმოებები. მწერლის თხზულებები თარგმნილია მრავალ უცხოურ ენაზე.

გარდაიცვალა 1994 წლის 29 ივლისს, დაკრძალულია  დიდუბის პანთეონში.


შანდორ პეტეფი

უნგრელი პოეტი, რევოლუციონერი,  
Petofi Sandor  (1823 - 18549)

ვარდი ხარ?! - ვარდის რტოდ ვიქცე, მინდა...
ნამი ხარ?! - ვარდად ვიქცევი უცებ,
რომ ეფრქვეოდეს ცის ნამი წმინდა,
ტრფობით ალეწილ ჩემს წითელ ფურცლებს.

ცა ხარ?! - ვარსკვლავად ვიქცევი კენტად....
ჯოჯოხეთი ხარ, ჩემო ლამაზო?! -
ჩავიდენ ცოდვას, ჩამოვალ შენთან,
რომ სული ჩემი შემოგთავაზო.

* * *
როცა მოვკვდები ჩემს საფლავს, ალბათ,
ვერც კი შენიშნავს უცხო მნახველი.
ძვლივს დაინახავს პატარა დაფას,
ზედ წაწერილი ჩემი სახელით.

მაგრამ ეს ჯავრი ცივ ქვად რომ იქცეს,
ჯავრი რომელიც გულს მიჩხვლეტს ეკლით.
ცად ატყორცნილი გაჰკვეთდა სივრცეს,
პირამიდებზე მაღალი ძეგლი..

* * *
მიყვარხარ ძლიერ... ძლიერ...
რაც გადის დრო და ხანი,
მე უფრო მეტად მიყვარს
შენი პატარა ტანი.
შენი შავი თმის ბუჩქი,
ეგ თეთრი შუბლის სერი,
თვალები გიშრისფერი,
ლოყები ვარდისფერი,
შენი თითები მიყვარს,
ორი პატარა თათი,
ო, იცი, როგორ მიყვარს
ოდნავ შეხება მათი,
ო, იცი, როგორ მიყვარს
გამოუთქმელი ენით? _
შენი გრძნობების სიღრმე,
სულის სიმაღლე შენი,
მე დარდიც მიყვარს შენი,
შენი ღიმილიც ფართო,
მე ცრემლიც მიყვარს შენი,
შენი კისკისიც მართობს,
მე შუქი მიყვარს შენი,
რა არის მისი ფასი!
მე ჩრდილიც მიყვარს შენი,
მზის დაბნელების მსგავსი.
მიყვარხარ ძლიერ, ძლიერ...
მწვავს შენი ტრფობის ალი,
მიყვარხარ ძლიერ, ძლიერ...
მთელი გრძნობით და ძალით.
მთელი სამყარო ვრცელი
შენით არსებობს ჩემთვის,
რაზეც კი ვფიქრობ, ყველა
ფიქრს შენზე ფიქრი ერთვის.
ძილში ჩემთან ხარ სიზმრად,
ფიქრში ჩემთან ხარ დღისით,
გულის ძგერის ხმა მესმის -
შენი ხმა არის ისიც.
შენთვის მივწვდები მწვერვალს,
დიდების ყველა მნათობს,
დიდებას დავთმობ შენთვის,
შენთვის მწვერვალებს დავთმობ.
შენი ოცნებით ვხარობ,
შენს დარდს ვატარებ დარდად,
მე სხვა სურვილი არ მაქვს,
შენი სურვილის გარდა.
მსხვერპლი ყველაზე დიდი
მე მეჩვენება მცირედ,
რადგან შენ გსურდა იგი,
რადგან შენ შემოგწირე.
შენს მცირეოდენ წყენას,
სულ უმნიშვნელო წვრილმანს
სდევს ჩემი სევდა დიდი,
ჩემი ცრემლების წვიმა.
მიყვარხარ ძლიერ, ძლიერ...
მიყვარხარ ცხადად, მალვით,
როგორც აროდეს არვინ
არ ჰყვარებია არვის.
ეს სიკვდილს უდრის თითქმის,
ეს შეუძლოა თითქმის,
შენ ერთს გეკუთვნის ყველა,
რაც სიყვარულად ითქმის:
ძმაც ვარ, სატრფოც ვარ შენი,
მამაც, დაო და დედავ,
მე შეყვარებულს ყველას
შენს სახებაში ვხედავ,
სატრფოვ, შვილო და დედავ,
ჩემო ძვირფასო ცოლო,
ყველას მაგივრად, ერთად
მე შენ მიყვარხარ მხოლოდ.
რა მაბადია ქვეყნად
ამ სიყვარულზე კარგი,
ძლიერ მიყვარხარ, ძლიერ,
ვარ შენი ტრფობის შმაგი.
თუ ტრფობისათვის რამე
ჯილდო იქნება ბოლოს,
ის შენ გეკუთვნის მარტო,
ის შენ გეკუთვნის მხოლოდ.
ნაყოფი მისი არი,
ვინც ნორჩი ნერგი დარგო,
ეს სიყვარული დიდი
შენ შემასწავლე, კარგო.

ნიზამი განჯელი

აზერბაიჯანელი სპარსულენოვანი პოეტი
(1141 - დაახლ. 1209)
ყაზალი

ლამაზ ქრისტიან ქალზე ვლოცულობ,
ის ჩემი ხატი და ტაძარია,
სად მუსლიმანი, სად ხატზე ლოცვა,
ჩემზე იტყვიან: რამ გადარია?!
უმშვენიერეს კერპის წინაშე
გაფენილია ჩემი ფარდაგი,
სალოცავის წინ, ტურფა კერპის წინ,
დაცემული ვარ, როგორც ქადაგი.
მე მის მონასტერს მივადექ დილით,
დავაკაკუნე კარზე მორჩილად.
მითხრეს: „ჯერ ბერად ვინც არ შემდგარა,
ამ მონასტერში არ შემოჭრილა“.
ჯვარი ვიწამე, ჯვარში სატრფოს ვჭვრეტ,
ჩემი არსება მას ემონება,
ჩემი ბერობა ყველამ გაიგო,
რამ ამირია ასე გონება?!
მესმის მონასტრის ზარების ჟღერა,
როგორც დავითის საგალობელი,
სასახლეში ვარ. თუ მონასტერში,
რა ზეიმია, რა სამყოფელი!
მისი სახება – ჩემი ხატია,
მზე არი მისი სახის სახატე,
მზე ბრწყინავს მხოლოდ მისი სახისგან,
მე მის ხატს შევცქერ და შევღაღადებ!
გულის სისხლით ვარ ნაზიარები,
ჯერ კიდევ სისხლის ჭიქა სველია,
ჩემი თვალები ტაძრად ქცეულან
და სატრფოს ხატი შიგ ასვენია.
ორმოც წელიწადს მორწმუნე ვიყავ,
სარწმუნოება ვიცვალე გვიან,
რჯულზე ფარულად ხელი ავიღე,
ჯერ თუმცა კიდევ მორწმუნე მქვიან.
ქააბას რწმენა რად დამნგრევია,
მიჯნურს გონება აგრე შემშლია?!
სატრფომ ნუგეშად მითხრა: „ნიზამი,
საუნჯე მხოლოდ ნანგრევებშია!“


პიერ რონსარი

ფრანგი პოეტი 
Pierre de Ronsard (1524 - 1585)
სონეტი

ეგ შენი თმები აურაცხელი,
ძვირფასო, ჩემთა თვალთა შუქია,
და მშურს, ამ გრძნობას შური თუ ჰქვია,
მათ როგორ ვარცხნის ეგ სავარცხელი.

ის უკვე ჩემი გახდა მძარცველი,
კბილი შენს თმებში რომ გაუყრია,
თუ ფიქრობს ჩემი ღონე უქმია
და არავინ ჰყავს შენს თმებს დამცველი!

მაგრამ მე რა ვქნა! ხელს მას უმართავ,
დღეღამ ის არი შენს სასთუმალთან,
მე კი მიშორებ ცივად თავიდან.

იცოდეს, შენი თმის ტყე იკმაროს,
ყელსა და სახეს არ მიიკარო,
თორემ ამას კი ვეღარ ავიტან!


ინოლა გურგულია

   
დაიბადა 1929 წლის 25 ივლისს, თბილისში.
1952 წელს დაამთავრა თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა პედაგოგიური ინსტიტუტი, აქვე მან გ. დარახველიძესა და მ. სიხარულიძესთან ერთად დააარსა ქალთა ვოკალურ-საკრავიერი ტრიო „სამაია“, რომელიც ასრულებდა გურგულიას მიერ (ხშირად თავისსავე ლექსზე) დაწერილ სიმღერებს. 1960-იან წლებში ის გადაიღეს რამდენიმე ფილმში, სადაც მისი სიმღერებიც ჟღერს. სიცოცხლის განმავლობაში მას არ ჩაუწერია არცერთი ოფიციალური ფირფიტა.
გურგულიას სიმღერებს ჰქონდათ ერთგვარი აკორდული მღერის სტილი, რომელიც თავისი არსით ძირითადად ქართული ხალხური და ნაწილობრივ ქალაქური სიმღერიდან მომდინარეობდა.
ინოლა გურგულია გარდაიცვალა 1977 წელს. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს პანთეონში.

უოლტერ სკოტი

შოტლანდიელი პოეტი და მწერალი 
Walter Scott (1771 - 1832)

ჩაჰბერეთ, ჩაჰბერეთ საყვირებს ყველასთვის,
რომ ბრძენი კაცისთვის ადრეც საცნობია:
დიდებულ ცხოვრების თუნდ ერთი საათი
ასწლოვან ამაო სიცოცხლეს სჯობია.

პერსი ბიში შელი

ინგლისელი პოეტი-რომანტიკოსი
Percy Bysshe Shelley (1792-1822)

სიმღერა

პატარა ჩიორა სიყვარულს ჩიოდა,
ზამთარი სწვეოდა ველებს...
ყინვიან ქარებში ტაატით დიოდა
ყინვისგან დამზრალი ღელე.

არ იყო ტოტებზე ფოთლების ზღვაური,
მიწაზე - ყვავილთა ფარდა;
და იყო სიჩუმე, და არსად ხმაური -
წისქვილის დუდუნის გარდა.

ღამე ნებისა

ღამე ნებისა. - ო. არა, კარგო!
რად გვინდა წუთი განშორებისა;
დავრჩეთ ამაღამ მე და შენ მარტო -
მაშინ გვექნება ღამე ნებისა!

ღამეს ნებისა როგორ ვუწოდო,
თუ შენთან ყოფნა მე არ მეღირსა,
ნურაფერს მეტყვი, შემხედე ოღონდ,
ჰოდა, გვექნება ღამე ნებისა.

თუ გულნი შერჩნენ ერთმანეთს მარტო
შებინდებიდან გათენებისას,
ბედნიერია ის ღამე, კარგო,
რადგან არ ითქმის `ღამე ნებისა~.

თომას ჰარდი

ინგლისელი პოეტი და მწერალი 
Thomas Hardy (1840 - 1928)

მაგონდება, მაგონდება
ჩვენი ძველი ბინა,
პაწაწინა ფანჯრის მინა,
მზე შედული შინა.
სხივი, წამით მოციმციმე,
დღეც, ვით ერთი წამი,
მერეც ბევრჯერ მინატრია
სუნთქვის შეკვრა ღამით.

მაგონდება, მაგონდება
საქანელა - ქარი,
რწევისაგან რომ მეგონა
მერცხლის ფრთაზე ჩქარი.
სული ფრთებით მოფარფატე,
ახლა - ქვაზე მძიმე,
ცეცხლი ტალღით ჩაუმქრალი,
თვალში მოციმციმე.

მაგონდება, მაგონდება
ხეივანი ნაძვის,
რომ მეგონა კენწეროთი
ცის კიდემდე ადის.
ტკბილი იყო უმეცრება,
ვიყავ ერთი ციდა...
ნეტავ მერეც არ გამეგო

რომ შორსა ვარ ციდან.

четверг, 21 июля 2016 г.

შოთა ნიშნიანიძე

 
დაიბადა 1929 წლის 18 მარტს, თბილისში. 1953 წელს დაამთავრა თსუ-ს ფილოლოგიის ფაკულტეტი, 1958 წელს კი -გორკის ინსტიტუტთან არსებული უმაღლესი ლიტერატურის კურსები. 1964 წელს დაიწყო მუშაობა გამომცემლობა „მერანის“ ქართული მხატვრული ლიტერატურის რედაქციის გამგედ. 1974 წელს მუშაობა დაიწყო მწერალთა კავშირის მთავარ ლიტ.კონსულტანტად. 1976-1982 და 90-იან წლებში იყო ალმანახ „საუნჯის“ მთავარი რედაქტორი. მისი პირველი პოეტური კრებული გამოვიდა 1956 წელს. მას შემდეგ კი არაერთი წიგნი გამოსცა, ეწეოდა ნაყოფიერ მთარგმნელობით მოღვაწეობასაც. გარდაიცვალა 1999 წელს, დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.

ლუის დე კამოენსი

პორტუგალიელი პოეტი  
Luis Vaz de Camoes (1524 - 1580)

ო, უცოდველო, წმინდა სულო, რა მალე დათმე
ეს ყრუ და უნდო, ეს ცოდვილი წუთისოფელი.
შენ მანდ ზეცაში მოიპოვე სრული სიმშვიდე,
მე კი სულს მიღრღნის დარჩენილი დრო ულმობელი.

და თუ მოგწვდება გულმოკლული ჩემი გოდება,
ჩუმი ქვითინი თუ მოგწვდება განწირულების, _
ევედრე უფალს, ჩემო ბიჭო, ევედრე უფალს,
რომ მალე, მალე შეაერთოს ჩვენი სულები.

ისევე მალე, როგორც იყო ეს განშორება,
ეს განშორება _ დროებითი გამოთხოვება...
მანდ სამოთხეში შეგვაერთებს მოწყალე ღმერთი
და გვაზიარებს მარადიულ, ნამდვილ ცხოვრებას.

იანკა კუპალა 

ბელორუსი პოეტი
Янка Купала (1882 - 1942) 

მემკვიდრეობა

მე გადმომეცა დასაბამიდან
აურაცხელი მემკვიდრეობა
და ბედმა ჩემს სულს არ აარიდა
დედის სინაზე, მამის მხნეობა.
ეს ბუნებაა ჩემი სიმდიდრე, _
მემკვიდრეობის განძი ულევი.
დასაბამიდან მე დავამკვიდრე
ოქროს ზღაპრები, გაზაფხულები.
ჩემია ეს ჭა, ეს ძეძვის ღობე,
ყარყატი, ცისკენ ღრუბლად წასული,
ნისლი, კაბად რომ აცვლია სოფელს,
ღელესთან ძეწნა _ ტურფა ასული.
ჩემია ჩემი ყვავების გუნდიც,
სასაფლაოზე მოყაშყაშენი,
მე ვარ მემკვიდრე და მე მეკუთვნის
ეს დედამიწა _ ჩემი გამჩენი.
და დღემდე ერთი მაქვს საზრუნავი,
ერთი რამ მექცა დღეს საფიქრალად,
ჩემზე არავინ თქვას სამდურავი _
მემკვიდრეობა ვერ მოიხმარა.
ჩემი სიმდიდრე მეამაყება,
მეც მუდამ მასზე ზრუნვას ვუნდები
და სადაც წავალ, ყველგან დამყვება
ეს დიდი განძი, ფასდაუდები.
ის შვილებისგან არ იყიდება,
ჩვენ მას ვწირავდით სიზმრებს უცოდველს,
ის არის ჩვენი ავლა-დიდება,
ჩვენ მას ყველანი მამულს ვუწოდებთ.

კონსტანტი გალჩინსკი

პოლონელი პოეტი,  
Konstanty Ildefons Galczynski (1905 - 1953)

მთვარის ფერფლივით

მინდა ფეხებზე მოგეფრქვიო მთვარის ფერფლივით,
ანდა დალალებს გიწეწავდე, როგორც ზეფირი.

ნეტავი ვიყო პაპიროსი.... ო, ღმერთო ჩემო.... _
დავადნებოდი შენს ნებიერ ტუჩებს და თითებს;
ნეტავ ხე ვიყო, დაგაფენდი სიცხეში ჩეროს,
ან წიგნი ვიყო, ნიადაგ რომ მუხლებზე გიდევს.

რა ვქნა, ძვირფასო, უნდა ვუთხრა ბედს სამდურავი ,
რატომ არა ვარ შენთან მარადის...
ნეტავ ბუხარი მაინც ვიყო ან სახურავი,
გაგათბობდი და წვიმისაგან დაგიფარავდი.


ანდრეი ვოზნესენსკი 

რუსი პოეტი (1933 - 2010)
Андрей Вознесенский

პარაბოლური ბალადა

ბედი რაღაც განგებით, არა ანაზდეულად,
მიქრის მომავლისაკენ პარაბოლისებურად.

გზას, უმეტეს ნაწილად უკუნეთში მიიკვლევს
და ნაკლებად მიჰყვება ცისარტყელას ბილიკებს.

იყო ერთდროს გოგენი - დიდებული მხატვარი,
როგორც ფუნჯის ჯადოქარს, არა ჰყავდა ბადალი.

იგი იყო აგენტი რომელიღაც ვაჭრობის, -
მიათრევდა ცხოვრებას რაღაც ვაინაჩრობით.

ლუვრში თუ მიდიოდა, გზას შორიდან უვლიდა
და ასევე შორი გზით ბრუნდებოდა ლუვრიდან.

და ხუთავდა მხატვრის სულს, როგორც უდაბნოეთი,
მწუხრი აკადემიის, ქალთა მიეთ-მოეთი.

ყრანტალებდა ყვავივით ბედისწერა ყურუმი,
რაღაც ნიშნისმოგებით ხორხოცებდნენ ქურუმნი:

დაე, ლუვრის ცხოვრება, მართლა შეუდარები,
დაეხატა პირდაპირ, რაღაც მოიარებით?!

ზოგი თავის მიზანთან მიდის პარაბოლურად,
ზოგი მიდის მოკლე გზით, ქედის მოხრით, მონურად...

ჩემს მეზობლად ცხოვრობდა ცისფერთვალა სტუდენტი,
წიგნებსა და გამოცდებს ღამეს ერთად ვუთევდით.

უფრო მძაფრად რომ მეგრძნო სიახლოვე იმისი,
ავდექ, შორშორ ვიარე, მოვიარე თბილისი.

მომიტევე, ძვირფასო, პარაბოლა ბრიყვული,
თურმე როდი ვყოფილვართ გზებით გადატიხრული.

ამართულხარ ანტენად და რაც საოცარია, -
ჩემი ჩუმი ჩურჩული არცკი გამოგპარვია.

ცხრა ზღვას, ცხრა ტბას რომ გავცდე,
ცხრა მთასა და მინდორ-ველს,
უმალ შენთან გამაჩენ, რა წამშიაც ინდომებ.

ხელოვნება - მაღალი, სიყვარული - ნამდვილი
თავის სიდიადეში პარაბოლას გაივლის.

მუდამ გვიხმობს ორი გზა: პირდაპირი, ირიბი...

რომელია სწორი გზა - შორი გზა თუ პირიქით?

იოსებ გრიშაშვილი

  
დაიბადა 1889 წლის 12 აპრილს, თბილისში
ჭაბუკობიდანვე დაუახლოვდა ქართულ თეატრს. იყო სუფლიორი, მსახიობი, წერდა პატარა პიესებსა და ლექსებს. იოსებ გრიშაშვილი სამწერლო ასპარეზზე 1905 წელს გამოვიდა. 1919 წელს, როგორც თავისუფალი მსმენელი, ლექციებს ისმენდა თბილისის უნივერსიტეტში. გრიშაშვილს ეკუთვნის საყურადღებო ლიტერატურული გამოკვლევები: „საიათნოვა“ (1914-1918); „ძველი თბილისის ლიტერატურული ბოჰემა“ (1926-1927), ნაშრომები ა. ჭავჭავაძის, ი. ჭავჭავაძის, ა. ყაზბეგის, მ. ლერმონტოვისა და სხვა მწერლების შესახებ. თარგმნა სომხური და აზერბაიჯანული ლიტერატურის ბევრი კლასიკური ნიმუში, ანა ახმატოვას, სერგეი მიხალკოვის, სტეფანე შჩიპაჩოვის, ვერა ინბერისა და სხვების ლექსები.

გარდაიცვალა 1965 წლის 3 აგვისტოს, დაკრძალულია მთაწმინდის პანთეონში.


ნაყაშ ჰოვნათანი 

სომეხი პოეტი (1661-1722)
ხოტბა საქართველოს კეკლუცებს

მინდა ვაქო მხიარულის გულითა,
ქამანჩითა, სიმღერითა, კულითა,
მშვენივრობენ სილამაზით სრულითა,
- საქართველოს მშვენიერი ქალები.

იქ წიკწიკებს თბილ გოგირდის ჰამამი*,
ბანაობენ ხათუნები თამამი,
სურნელობენ ისე, როგორც შამამი*
- საქართველოს მშვენიერი ქალები.

უყურებ და წითელ-ყვითლად ღვივიან,
თაიგული, ვარდი ღვთაებრივია,
ვინც კი ხედავს - ბედს წყევლიან, ჩივიან,
- საქართველოს მშვენიერი ქალები.

ყალამ-წარბი მშვილდობს, როგორც კამარი,
თვალში მზე აქვთ - ვაჰ, რა კარგი რამ არი!
შემოუკრავთ ტანს მურასა* ქამარი,
- საქართველოს მშვენიერი ქალები.

რა თმები აქვთ - სულ დასტებად დაწნული,
სახე - მთვარე, გაბადრული ქალწული,
თვით დუშმანმაც, აბა, ვით დასდოს წუნი!
- საქართველოს მშვენიერი ქალები.

მათი ხედვა უბრალო და თბილია,
ტანადობა ზეცით დალოცვილია,
მკერდი - ვიწრო, ტანი - ლელი წვრილია.
- საქართველოს მშვენიერი ქალები.

საქართველოს ხალხი ღონიერია,
სხვა მილეთზე უძველესი ერია,
ურცხვი მტერი ბევრჯერ მოიგერია.
- საქართველოს მშვენიერი ქალები.

თუ ლხინშია - უკრავს ჰანგებს საკრავზე,
სიტყვის ზღვა აქვთ, ენა - თაფლით აღსავსე,
ღვინის სმის დროს ცლიან ჯიხვებს და თასებს.
- საქართველოს მშვენიერი ქალები.

ვით ფარშევანგს, უყვართ რება და რხევა,
მათი მჭვრეტი ჭკვიდან გადაირევა,
განთქმულია მათი სახიერება.
- საქართველოს მშვენიერი ქალები.

ტანთ ჩაცმაში მათ იციან ფარეზი,
უკან დასდევთ მოახლე და ფარეში,
კეკლუცობენ მწვანე არემარეში
- საქართველოს მშვენიერი ქალები.

ტანსაცმელი მათი არის ატლასი,
ერთობ უყვართ მეგობარი-მოყვასი,
ბატონურად არ იციან მათ ბრაზი,
- საქართველოს მშვენიერი ქალები.

მე, ნ ა ყ ა შ ი, ცოდვილი ვარ, ბრალი ვარ,
ქართველ ქალის სიყვარულით მთვრალი ვარ,
მინდა ვაო, მაგრამ, ვაი, მკრთალი ვარ...
- საქართველოს მშვენიერი ქალები.

---------------------------------------------------------------
*ჰ ა მ ა მ ი - აბანო.
*შ ა მ ა მ ი - დასტამბო, პუმპულა, სურნელოვანი პატარა ნესვი.
*მ უ რ ა ს ა - მოხდენილი, სათუთი.


მირზა ფათალი ახუნდოვი 

აზერბაიჯანელი პოეტი, დრამატურგი (1812-1878)

გაზაფხული შემოვიდა...
მცენარეთა ზღვა ქალწული
კეკლუცობს და ყელს იღერებს
მზის ალერსით დაქანცული.
ნაკადულის ნაპირები
ლურჯ იებით შეიმოსა,
ცეცხლოვანი ვარდის ყლორტი
სააშიკოდ იწვევს მგოსანს.
ველი მწვანით მოიქარგა,
ტკბილ სურვილებს ფანტავს კრძალვით
და ელვარებს ძვირფას თვლებით,
ვით უმანკო პატარძალი.
შუა ბაღში თავმომწონედ
ამართულა მთელი ტანით
ყვავილების ჯიღადგმული
გადაშლილი ხე - სულთანი.
ზამბახი და სუსამბარი
მოსდებია ირგვლივ მდელოს
და ყაყაჩოს თასებიდან
სვამენ იმის სადღეგრძელოს.
ისე კოხტად გადიპენტა
იასამნის ბუჩქ-ხეხილი,
რომ ნარგიზი განცვიფრებით
დარჩა თვალებგახელილი.
თვით ბულბულიც გაზაფხულის
ჭარბ აღგზნებას ვეღარ უძლებს,
ტკბილ ნისკარტით ნაზად აწყობს
სტუმრებისთვის ვარდის ფურცლებს.
ცვარნაკრები ცის ღრუბელი
ნამს უგზავნის ყვავილნარებს,
ზეფირი კი სურნელებას
ეზიდება ყოველ მხარეს.
აისია, ფრთოსანთ გუნდი
ავარდა და ხმა დახლართა:
„ო, მწვანეთის პატარძალო,
გადაიძრე მიწის კალთა“.
ყველა ერთურთს ეცილება,
ქმნას სიკეთე საზრახელი,
რომ ბუნების გაშლილ ბაზარს
მიეგებოს სავსე ხელით.
რიგი აფენს სილამაზეს, -
რაყიფობის გულის მკოდავს, -
რიგი მღერის, რიგი ოხრავს,
რიგი ტრფობის ლექსებს ბოდავს...

среда, 20 июля 2016 г.

პაოლო იაშვილი

დაიბადა 1894 წლის 29 ივნისს, სოფელ გამოღმა არგვეთში (საჩხერის რ-ნ).
1900 წლის 1 სექტემბრიდან პაოლო იაშვილი მშობლებმა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში მიაბარეს. მასთან ერთად სწავლობდნენ „ცისფერყანწელთა“ მომავალი ლიტერატურული ჯგუფის გამოჩენილი წარმომადგენლები: ვალერიან გაფრინდაშვილი და ტიციან ტაბიძე. 1911 წლიდან პოეტმა სწავლა განაგრძო ანაპაში - კერძო გიმნაზიაში. 1913 წელს პაოლო პარიზში გაემგზავრა და ლუვრთან არსებულ ხელოვნების ინსტიტუტში შევიდა. 1915 წელს პოეტი ქუთაისში მკვიდრდება და აქტიურად ებმება ლიტერატურულ ცხოვრებაში. 1911 წლიდან ბეჭდავს ლექსებს გაზეთ „კოლხიდაში“. 1912-1913 წლებში, გიმნაზიის დამთავრების შემდეგ, სათავეში უდგას და რედაქტორობს ყოველთვიურ ლიტერატურულ-მხატვრულ ჟურნალ „ოქროს ვერძს“. ამავე წლებში პოეტი გაიტაცა მხატვრობამ. ის გაემგზავრა პარიზში და შევიდა ლუვრთან არსებულ ხელოვნების ინსტიტუტში.
ქართველ მწერალთაგან პირველი, რომელიც რეპრესიებმა შეიწირეს, პაოლო იაშვილი იყო, თუმცა პაოლო იაშვილმა დაპატიმრებას დაასწრო და მწერალთა სახლში, 1937 წლის 22 ივლისს თავი მოიკლა.

ალექსანდრ პუშკინი

რუსი პოეტი, პროზაიკოსი და დრამატურგი, 
Александр Сергеевич Пушкин (1799 - 1837)

* * *
მე თქვენ მიყვარდით: და ვინ იცის, ეს გრძნობა დიდი
იქნებ ჩემს სულში ჩარჩენილა, ვით ნათლის სვეტი,
მაგრამ მე თქვენი შეშფოთება არ მინდა მითი,
და თქვენი გულის დაღონებაც არ მინდა მეტი.

მე თქვენ მიყვარდით უიმედოდ, უხმოდ, უთქმელად,
ხან მოკრძალებით, ხანაც ვიყავ ეჭვით ფარული,
მე თქვენ მიყვარდით ისე ნაზად, ისე გულწრფელად,
რომ ღმერთმა მოგცეთ ასეთივე სხვა სიყვარული.


არტურ რემბო

ფრანგი პოეტი-სიმბოლისტი
Jean Nicolas Arthur Rimbaud  (1854 - 1891)

ლურჯ საღამოთი, ზაფხულობით წავალ ფარულად,
სადაც ყანაა და ბალახით ავსილი ველი;
ფეხებთან ვიგრძნობ, რომ ბალახი მთლად დაცვარულა
და შევცურდები ქარში ზვავი და თავშიშველი.

ხმას არ გავიღებ... არ ვიფიქრებ... მაგრამ ძლიერი
ვნებით მევსება სიყვარულის უბე და კალთა;
და მივალ, როგორც დამშეული ბოჰემიელი,
და ბედნიერი ბუნაბასთან: ისე ვით ქალთან.

ვაგიფი

აზერბაიჯანელი პოეტი და სახელმწიფო მოღვაწე 
Molla Penah Vaqif  (1717 - 1797)

   მარტოდ ვიყოთ და მეტოქე არსად ჩანდეს,
რომ შემეძლოს საუბარი შენთან ერთად.
ხელი ხელში... ვიცინოთ და ვიბაასოთ,
გავატაროთ დრო ნეტარი - შენთან ერთად.
 
   ღაწვი ღაწვსა ჩავაკონოთ ერთი აზრით,
თვალი თვალსა რომ უცქერდეს დიდ სინაზით,
მსურს, ავენთო შენი მკერდის სილამაზით,
შევსვა ტკბილი თაფლის ღვარი - შენთან ერთად.

    რომ ვხედავდე შენს თვალებში სიხალისეს,
წამწამები ჰგავდეს შავი ბროლის ისრებს,
მტერს განვგმირავ - თუ მეტოქე შემოგვისწრებს,
რომ ვისუნთქოთ ტკბილი დარი - შენთან ერთად.
 
   ვიგრძნო სითბო, სიკეკლუცე და სიამე,
შიშის ნაცვლად გამხნევებდეს სითამამე,
შენთან ერთად დამათენდეს თავზე ღამე,
გრძელდებოდეს ეს ზღაპარი - შენთან ერთად.
 
   ვ ა გ ი ფ! სატრფოს საპასუხოც გაიგონე,
ამ ნიღაბის ასახდელად მომეც ღონე,
შევსვათ ღვინო - მოვილხინოთ თავმომწონედ,
რომ ყოველდღე ვიყო მთვრალი - შენთან ერთად.

понедельник, 18 июля 2016 г.

ანა კალანდაძე



დაიბადა 1924 წლის 15 დეკემბერს, ჩოხატაურის რაიონი სოფელ ხიდისთავში.
საშუალო სკოლა ქუთაისში დაამთავრა 1941 წელს და იმავე წელს სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა კავკასიური ენების სპეციალობით 1946 წელს. პირველი ლექსები გამოაქვეყნა გაზეთ „ლიტერატურა და ხელოვნებასა“ და ჟურნალ „მნათობში”. ლექსების პირველი კრებული გამოსცა 1953 წელს, რომელმაც დიდი პოპულარობა და საყოველთაო სიყვარული მოუტანა
1952 წლიდან მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ლექსიკოლოგიის განყოფილებაში უფროსი მეცნიერ თანამშრომლის თანამდებობაზე – ეს წოდება ინსტიტუტის გადაწყვეტილებით სამეცნიერო ხარისხის დაუცველად მიენიჭა მას 1973 წელს.
გარდაიცვალა 2008 წლის 11 მარტს, დაკრძალულია მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.


გრიგორი სკოვოროდა

უკრაინელი პოეტი (1722 - 1794)   
Григорий Савич Сковорода
კრებულიდან „ღვთაებრივი სიმღერების ბაღი“ 
(მე-3 სიმღერა)

ჰა, სანუკვარი ღვთით გაზაფხული
მოვიდა ტყეთა, მინდორთა მკობად...
აჰა, წავიდა მკაცრი ზამთარი,
აყვავდნენ ბაღნი,
- ბულბულთა ხმობენ...
შენ ლამაზ სოფლებს ნუ ეკარები.
გულს ნუ უკაწრავ ბასრი ბრჭყალებით,
ჩადი ჭაობში, ჩადი წკვარამში
შავი კარებით... ო, მწუხარებავ!
ჯოჯოხეთს ჩადი წყვდიადის ტვირთად!
შენ რა ხელი გაქვს სამოთხე-მტილთან?
სული მიერთო კაშკაშა სხივთა
იდუმალების... ო, მწუხარებავ!
უნუგეშოდაც სვიან არს ოდით,
ვინც დაამარცხა სიკვდილის ცოდვა...
უფლის ქალაქი - სულია მისი,
ო, სული მისი... - ბაღია ღვთისა!
ყვავილოვანი ის მარად ნახონ,
ის ბაღი მარად მოისთვლის ნაყოფს...
ყოველ გაზაფხულს აყვავდა ისა
და არ აცივდეს ფოთოლი მისი!
ღმერთო, შენა ხარ ჩემი ქალაქი,
ჩემი სამოთხე კეთილსამყოფი...
უბიწოება ყვავილებია,
სიყვარული და ზავი - ნაყოფი.
ბზა არის სული სხივთამძებნელი,
წყალი ხარ მისთვის მაცოცხლებელი...
მის ცაზე დარდს და ვარამს წაშლიდე...
ო, ტანჯვათაგან მე დამამშვიდე.
მე არაფრისა არ მეშინია, -
ცოდვათა მხოლოდ
- გულგვამის მწველთა,
მოსპე ისინი, ჩემს სულში მოსპე! -
ჰა, გასაღები ნუგეშთა ჩემთა.

სტეფან მალარმე 

ფრანგი პოეტი,   
Stephane Mallarme (1842 - 1898)

მარაო ქალბატონ მალარმესი

ჰა, ჯადოქრული ერთი
მისი აქნევა ფრთისა
და... საოცარი ლექსი
ტოვებს სავანეს თვისას.
აჰა, მარაო დაბლა
დახარა შენმა ხელმა,
გაკრთება შენს ზურგს უკან
ლურჯთა სარკეთა ელვა.
ო, მშვენიერო ჩემო,
კვლავ ცხოველია ღველფი -
სარკეთა ჰგია სიღრმეს
გარდასულ დღეთა ფერფლი...
და მე მაღონებს რაღაც...
მივსდევ გრძნობათა ჩქერებს...
ეპყრათ მარაო ასე
შენს ულამაზეს ხელებს.

სხვა მარაო მადემუაზელ მალარმესი

ო, უნაზესო ქალწულო,
მაისის ვარდთა მოცილევ,
მის ეშმაკობა ისწავლე,
თუ როგორ დამიმორჩილო...
ჩემი ყოველი ბუმბული...
ერთად შეკონე იგინი
და შენგან დატყვევებული
მოგგვრი დაისის სიგრილეს.
ჩემთა უბრალო ზრახვათა,
ვფიქრობ, იქნები მსურველი...
თავბრუ მეხვევა, კანკალებს
სივრცე, ვით კოცნა მხურვალე.
ჩემი ფარული გრძნობები
განა ყოცელთა იციან?
ჩემს ბაგეს ჩაცურებული
ჟრჟოლას მგვრის შენი სიცილი.
ირგვლივ დამკვიდრდა საღამო...
აჰა, წამღებო გულისა,
ვუშვერ ვარდისფერ კიდეებს
ცეცხლს შენი სამაჯურისა.

მარაო

თუ გავცოცხლდებით ვარდები,
მარაოს ფრთებზე მქროლავნი,
დაჭკნება მისი მშვენება,
მოკვდება მერი ლორანი...
დე, ჩემი ფრთების ფრიალმა
გაადნოს ვარდთა სიცივე...
მბნედს სურნელება თმებისა
და მერის ლაღი სიცილი.
ო, შენ, კეთილო მარაო,
უთვალავ მსხვერპლთა მსურველი,
ერთი მოქნევით გაფანტე
ამ ქალბატონის სურნელი -
უფრორე თავბრუდამხვევი
(ეშმაკის გამონაგონი),
მწამს, არ იქნება არასდროს
მერის სუნამოს ფლაკონიც!