მაგალი თოდუა

დაიბადა 1927 წლის 19 იანვარს, მარტვილის რაიონის სოფელ სალხინოში
1949 წელს დაამთავრა თსუ-ს აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი.
1950-1961 წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უფროსი ლაბორანტი და უფროსი მასწავლებელი; 1961-1966 წწ. - აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, 1968 წლიდან - სპარსული ფილოლოგიის განყოფილების გამგე. 1991-1995 წლებში იყო ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი; 2002-2008 წწ. - "გელათის მეცნიერებათა აკადემიის ჟურნალის" დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. 2008 წლიდან ჟურნალ "ქართველოლოგიის" დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. არის მრავალი სამეცნიერო ნაშრომის, მონოგრაფიისა და თარგმანის ავტორი.
გარდაიცვალა 2016 წლის 3 მაისს.


რუდაქი

მე-9-10 სს სპარსელი პოეტი

წუთისოფელში სტუმრად მოხვედი 
და აქ დარჩენის არა გაქვს ნება,
დღეს თუნდაც თბილი ლოგინი გეგოს,
ხვალ ცივი მიწა გეგება ლებად.
დღეს აქ რად გინდა მოყვრის მოგება,
ხვალ თუ იქ ობლად მოგიწევს გდება?!
ჭიები გელის ტოლ-მეგობრებად, 
მატლები კიდევ _ დებად და ძმებად.

* * *
თმას რომ ვიღებავ, ჭაბუკობას მე განა ვლამობ
ან მსურს, კვლავ ცოდვა ჩავიდინო გულისთვის ამო?!
არა! ისე, ვით ძაძას იცვამს ჭირისუფალი,
ჩემს სიყრმეს ვგლოვობ და ვიშავებ წვერს ამის გამო.

* * *
შავ მთაზე თეთრად დაუთოვია,
მშვილდს მიგავს უკვე წერწეტა სარო.
რაც შვებას მგვრიდა, დღეს იგი მტანჯავს
და რაც მიყვარდა, დღეს იმას ვზარობ.


ომარ ხაიამი

სპარსელი მეცნიერი, პოეტი (1048 - 1131)

მეჩეთში რომ ვართ, კვლავ ლოთები განა არა ვართ,
განა ალაჰის იმედების ანაბარა ვართ?
აქ ერთ დღეს მოლას სალოცავი ნოხი მოვპარეთ,
ისევ მოვედით ახალ ნოხის მოსაპარავად.
* * *
შაბანის თვეში თუ დავთვერით, ღმერთს ეწყინება,
და ლოთებისთვის მან რეჯების თვეც არ ინება.
კარგი, ბატონო! რამაზანის თვეში დავთვრებით,
მარგამ მაშინაც არ დაგვიწყოთ ლანძღვა–გინება.


ნიზამი განჯელი 

აზერბაიჯანელი სპარსულენოვანი პოეტი
(1141 - დაახლ. 1209)

კარგია მოგზაურობა, მით უფრო უცხო მხარეში,
შორეულ გზებზე ყიალი, შორეულ ზღვებზე თარეში.

მოივლი მრავალ ქვეყანას, ათასგვარ ამბავს გაიგებ,
სად არ გაათევ ღამეებს და ნაბადს სად არ დაიგებ.

გაიგებ, სად რა აცვიათ, ვის რა ადათი ჰქონია.
მრავლის მნახველი იქნები და ეს კარგია, მგონია.

მაგრამ თუ ჩაუკვირდები, სიმართლე გამოვლინდება:
მამულში, მხოლოდ მამულში ეწევი ნამდვილ დიდებას.  

* * *
ნუ იმსახურებ ნურასდროს მეფის ჯარსა და დივანში,
გული მეფისკენ ნუ გიწევს, ცეცხლი ნუ გიძევს თივაში!

თბილია მეფის სასახლე, მნათობნი მისნი ნათობენ,
მაინც გახსოვდეს, მეფის კარს არ გაეკარო სათოფედ!

შეხედე ბეჩავ ფარვანას, ეს მცნება კი ვერ დაიცვა,
კელაპტარს გაეთამაშა და ცეცხლის ალში დაიწვა.

მწდევ, ხედავ? სუნთქვა გაჭირდა, დარდმა მომსპო და დამადნო,
ღმერთი არა გწამს? დამისხი მიქენი საქმე სამადლო!

რა იცი, იქნებ დამიცხრეს მაგ თეთრი ღვინის ბადაგით
გული დარდსა და ვარამში უღვთოდ ნაწვი და ნადაგი!


ჯალალ ედ-დინ რუმი

სპარსელი სუფი პოეტი (1207-1273)

მე ვარ მძერწავი და ტანად ლერწამს
რომ ჰგავს, სულ ისეთ ქვის კერპებს ვძერწავ,
მაგრამ რა ერთწამს შენ შეგადგამ თვალს,
არ მომწონს იგი და იქვე ვლეწავ;
მე ვარ მხატვარი და სანამ სურათს
სულს არ ჩავუდგამ, მანამდის ვხვეწავ,
მაგრამ რა ერთწამს შევხედავ შენს ხატს,
მე ვწვავ ჩემს ნახატს, მე ვთხზავ და მევ ვწვავ. 


ფუზული

აზერბაიჯანელი პოეტი (1494 - 1556) 

ერთხელ იესო მარიამის ძემ,
რომელიც უფლის ჩვენის სულია,
რომელსაც სოფლის იდუმალების
გასინჯული აქვს სიღრმე სრულიად,
თავის ხალხს ასე მიმართა თურმე:
„ვინც სიბრძნეს ეძებთ და ცოდნას იძენთ,
ნუ ჰგონებთ, თითქოს სიბრძნე ზღვის ფსკერზე
იდოს ან მთის ძრო მალავდეს სიბრძნეს!
ამაოდ ფიქრობთ, ის ცაში იყოს
ანდა მიწაში სადმე ემარხოს;
ნუ იმედოვნებთ, ის მოიხელთოთ
სადმე თქვენგან შორს ანდა თქვენ ახლოს!
მე გეტყვით, სიბრძნე სად არის და თუ
მას ვერ მიაგნებთ, თქვენზე ახია:
სიბრძნე თქვენს სულში ჰგიეს ფარულად,
სიბრძნე თქვენს გულში ჩუმად მარხია. 
და თუ გწადიათ, მის კვალს მიაგნოთ,
მე აგისრულებთ ამ გულის წადილს:
წადით და თქვენში ეძიეთ იგი! -
მას ჰფარავს თქვენივ სხეული ხრწნადი.
თქვენივ გულია მხოლოდ და მხოლოდ
ამქვეყნად სიბრძნის და ცოდნის წყარო.
ადექით თქვენც და ანგელოზივით 
ამცნეთ ღმერთს, რომ მას ესავთ და ყვარობთ! 
და განიხვნება თქვენ თვალწინ კარნი, -
იხარეთ სიბრძნის ჭახჭახა დილით,
დაბეჭდულ წყაროს დაეპატრონეთ
და მოიზომეთ დახშული მტილი!“ 

Комментариев нет:

Отправить комментарий