გივი შაჰნაზარი

დაიბადა 1933 წელს, თბილისში. 
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის არმენოლოგიის განყოფილება. წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა გამომცემლობა „საბჭოთა საქართველოს“ მთარგმნელობით განყოფილებას, დაარსების დღიდანვე იყო მხატვრული თარგმანისა და ლიტერატურულ ურთიერთობათა მთავარი სარედაქციო კოლეგიის თანამშრომელი.
პირველი თარგმანები ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდში გამოაქვეყნა; მას თარგმნილი აქვს სომხური ლიტერატურის ისეთი კლასიკოსების შემოქმედება, როგორებიც არიან: გრიგორი ნარეკაცი, ნაჰაპეტ ქუჩაკი, საიათ-ნოვა,  ავეტიქ ისააკიანი, ვაჰან ტერიანი, პარუირ სევაკი და სხვა.


ნაჰაპეტ ქუჩაკი

XVI საუკუნის სომეხიპოეტი,
ერთ-ერთი პირველი აშუღი

აირენები

ო, მზეო, თხემით ტერფამდი
ცეცხლი ხარ, სულის შემძვრელი,
სხვას როგორ მიგცა _ დედაშენს 
წინ წყალი, უკან მეწყერი.
სამართლისა რომ მჯეროდეს,
სომხებისა და ბერძნების,
სამართლის კარად მისული,
სხვისგან შენს დახსნას შევძლებდი.
* * *
ფერი მძევს, საკმევლისა ვთქვა,
ზაფრანაა თუ ფითრია?! _
არ ვიცი, _ შენგნით? თუ უკვე
სიცოცხლის წამებს მითვლიან.
მკურნალად შენ გთქვეს, მიშველე! _
რო ვკვდები, ხო შეგიტყვია, _
თორემ მე სული გამძვრება,
კაცისმკვლელს შენზე იტყვიან.
* * *
ლამაზო, ლურჯ ფერს ნუ იცვამ,
ჩემ მკვლელად, ჩემ დამდაგედო,
ჩემ კარზე რხევით ნუ დახვალ,
ჩემო დამწველო აბედო.
ხიდის ოსტატის შვილი ხარ,
რა იქნებოდა, საბედოდ
შენსა და ჩემ ტუჩებს შორის
ჩვენც ცისარტყელა გაგვედო.
* * *
სატრფოვ, თუ იცი, წუხელის
ღამით მეტრფე რომ გეწვია;
გკოცნა და გკოცნა მძინარი,
ტუჩს კალო გაალეწია...
არ ვიცი, მოიმძინარე
თავი, თუ მართლა გეძინა,
შენი მდიდრული წყალობა,
ჭაბუკს კი მადლად ეწია.
* * *
მომწყურდი, ავდექ, წამოველ,
შორით სალბუნად მეხები!...
ელდა შეგატყვე, სათქმელზე
უმალ ავიღე მე ხელი.
წამს წლად ნუ იქცევ, ნუ იგლოვ,
ნუ დაიტეხე მეხები!
ისევე უკან წამიყვანს
შენთან მომყვანი ფეხები.


საიათნოვა

სომეხი პოეტი და მუსიკოსი (აშუღი) 
(1712 - 1795)

მოხატულო, შენი მსგავსი
ქვეყნად ვინმე ან კი არი?!
ეგ დალალი, ხალიანო,
მახე არი, ბანგი არი,
შენი ჰანგი, ყირმიზ-ვარდო,
ბულბულისა ჰანგი არი,
მიჰრით ჩასმულ ოქროს კბილებს
ლალი ტუჩზე აწკრიალებ.

სახე ახალ მთვარესავით
გევსება და გებადრება,
არ ისხურო, მაგ დალალებს
ნამი როგორ ეკადრება,
მისთვის არის, შენსა მხილველს
გზა და კვალი ეკარგება,
როს მეჯლისში შეხვალ, უცებ
ცეცხლის კოცონს აბრიალებ.

ხილვად მოსულს ბევრსა ვხედავ,
უფრო ცოტას - წამავალთა,
მოკვდავს შენ თუ დაედები
უკვდავების წამალადა,
ოდეს იძვრი, ჯიღის ხმას სცემ,
ღირხარ ქვეყნის ამალადა,
ჩემს ქამანჩას რისთვის აქნევ, -
ჩანგს მეწყვილედ აწკრიალებ.

ფერად-ფერად ყვავილებში
მკერდი რაფრად გიქცევია,
რაღა უნდა შენს მეუფეს,
ბაღჩა დაფნად გიქცევია,
 ქარებს ატან გაშლილ დალალს,
თმანი აფრად გიქცევია,
ქვეყნის გზაზე, ნავო, მთელ ზღვას,
შენს ნებაზე ატრიალებ.

ათში ერთიც ვერვინა სთქვას,
ქვეყანაც თუ ქებად მოვა,
ია ხარ და შროშანი ხარ,
ნიავი რომ ესათნოვა,
მაშ, შენს ტრფობას ვით გავუძლებ
მე - საწყალი საიათნოვა,
მეორე თუ გნახა კაცმა,
გონწართმეულს აზრიალებს.

ავეტიქ ისააკიანი

სომეხი პოეტი,  პროზაიკოსი და პუბლიცისტი  (1875 _ 1957)

ქვა

სადა ძევს ნეტავ, სადა ძევს ნეტავ,
სად ასვენია ის ლოდი ახლა,
უბრალო ქვად თუ ბრწყინვალე სვეტად
რომ დაადგამენ ჩემს ობოლ საფლავს.

დღეს აქ ვაღამებ, ხვალ სხვაგან ვათევ,
ამა სოფელში მწირად დავდივარ,
რა იცის კაცმა, ეგების სადმე
იმ ლოდზეც ვმჯდარვარ და მიდარდია?!

Комментариев нет:

Отправить комментарий