ნომადი ბართაია

დაიბადა 1944 წელს მარტვილის რაიონის სოფელ ლეხაინდრაოში, სადაც დაამთავრა სკოლა. 1966 წელს დაამთავრა თსუ აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი ირანული ფილოლოგიის განხრით. იმ დროიდან, როგორც სპარსული ენისა და ლიტერატურის სპეციალისტი (ამჟამად პროფესორი) მუშაობს აღნიშნულ უმაღლეს სასწავლებელში, ასევე პარალელურად მოღვაწეობს ქუთაისის აკაკი წერეთლის სახ. უნივერსიტეტში. 1970-71 წლებში მივლინებული იყო ირანის ქალაქ ისფაჰანის სასწავლო-სამშენებლო ცენტრში. ამჟამად არის საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს კულტურის განყოფილების ჟურნალ “კალმის” რედაქტორი.
გამოქვეყნებული აქვს არაერთი მხატვრული (პოეტური, პროზაული, ნათარგმნი) და სამეცნიერო სახის კრებული, მრავალი სამეცნიერო სტატია თუ პოპულარული ხასიათის წერილი.


რუდაქი  

მე-9-10 საუკუნეების სპარსელი პოეტი

ვარდი ხარ გაზაფხულისა,
ლხენა ხარ ჩემი გულისა.
ღვინო გაქვს, რატომ არ მოგაქვს,
დამატკბობელი სულისა!

ღვინო, ვით ქარვა კამკამა,
ვით გაზაფხულის ღრუბელი,
ბაღნარში რატომ არ მოგაქვს,
რატომ არ მიკლავ წყურვილსა!


საადი შირაზელი   

სპარსელი პოეტი-დიდაქტიკოსი, 
სუფიზმის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი 
(1203 - 1291)

თუ სასახლეში არავის იცნობ,
ნუ მიადგები სასახლის კარებს,

თორემ ან ძაღლი, ან კარისკაცი, 
უმალვე, როგორც შეგავლებს თვალებს,

ერთი ფეხებში გეცემა, ხოლო,
მეორე გისვრის კინწისკვრით გარეთ.

* * *
ვნახე, შუადღით, ულმობელ მტარვალს
ძილისთვის ტკბილად მიეცა თავი.

ვთქვი, რომ ეს კაცი კარგია მაშინ,
როცა მკვდარივით მძინარე არის.

ის, ვინც კარგია მძინარე მხოლოდ,
უმჯობესია, რომ იყოს მკვდარი.

* * *
ადამის მოდგმა ერთმანეთის არის ნაწილი,
ქმნილება ყველა ერთი არის წინაშე ღმერთის,
დაეკარგება, უსათუოდ, სიმშვიდე ყველას,
თუ კი საწუთრომ გაიმეტა იმათგან ერთიც.


ჯალალ ედ-დინ რუმი 

სპარსელი სუფი პოეტი 
(1207-1273)

ჩუმად წავედი, ჩემი სული ცას გაერია,
არ ვიყავ ალი, არც დემონი და არც ფერია.

თოვლი ვიყავ და დედამიწამ დამლია ჩუმად,
ტყვე გავიპარე, აწ საშიში არაფერია.

მე არ ვეკუთვნი წარმავალთა, სული ვარ ოდეს,
ჩემი სული ხომ მარადიულ სულის ფერია.

ვინც არ მელოდა, მე მივედი იმასთან სწორედ,
გული მივართვი უთვისტომოდ განათელია.

გული მივართვი, გარდავიქეც კაცი მიწადა,
გლოვად ვიქეცი და ცრემლები შემომელია.

ბაგეთა მისთა მე მაჩუქეს ათასი გული,
მაგრამ უენოს ერთი სიტყვაც არ დამცდენია.

უგონოდ გდებულ მომეახლა სატრფო და მითხრა:
„ნუთუ გამხელა სიყვარულის ასე ძნელია?“

ო, ამ სიტყვებით უდიდესი მიჯნური გავხდი, 
მოვშორდი ყველას და საგზალიც შემომელია.


საიებ თავრიზელი

ბეითები

ხელგაშლილი თუ არა ხარ,
შუბლგახსნილი იყავ მაინც.
***
საკუთარ სახლში მათხოვარიც მეფეა მეფეთ,
ნუ გახვალ გარეთ და იყავი მეფეთა მეფე.
***
თუმც გალიიდან გამოფრენა არ შეგვიძლია,
ეს როდი ნიშნავს, არ შემოვკრათ საფრენად ფრთები.
***
სიცოცხლე ნიაღვარივით არის,
მიგვერეკება, ვით ნარ-ეკალს, არყოფნის ზღვისკენ.
***
არ ჩაიტოვო  არაფერი არასდროს გულში,
გული ყოველთვის სარკესავით კრიალა გქონდეს.
***
სამყაროს ბრუნვა აღარ არჩევს ავსა და კეთილს,
წისქვილის ქვისთვის  ერთი არის პური და ქერი.
***
ჩემს ჭაღარაზე, ახალგაზრდავ, ნუ ჩაიღიმებ,
ეს თოვლი ყველა სახურავზე დაეფინება.
***
აი, სიკეთე ნაქურდალ კოცნის,
რომ დააბრუნო - ხელმეორედ აკოცო უნდა.

Комментариев нет:

Отправить комментарий