ბადრი თევზაძე

(ავტობიოგრაფია) 
დავიბადე 1955 წელს, ბათუმში. 1972 წელს დავამთავრე ბათუმის პედაგოგიური ინსტიტუტი. 1976 წელს გამოვეცი ლექსების პირველი წიგნი. ვარ ლექსების რამდენიმე კრებულის და დოკუმენტური პროზის - ,,პარიზში წასვლას რა უნდას?!“ -ავტორი. გამოცემული მაქვს ჩემ მიერ ნათაგმნი ,,ფრანგული პოეზიის მცირე ანთოლოგია~ (XIX საუკუნე), ,,100 ფრანგული ლექსი~  და ყველაზე მთავარი, ალექსანდრე ორბელიანის საზოგადოების მიერ გამოცემული ,,ფრანგული პოეზიის ათასწლეული", სადაც თავმოყრილია მეთერთმეტე საუკუნიდან მოყოლებული მეოცეს ბოლომდე 80-ზე მეტი ფრანგი პოეტის 250 ლექსი. ,,პარიზში წასვლას რა უნდას?!“ მინიჭებული აქვს ,,ლომისის" 2000 წლის პრემია, 2015 წელს კი მთარგმნელობითი საქმიანობისთვის მომენიჭა ივანე მაჩაბლის პრემია.


ჟერარ დე ნერვალი 

ფრანგი პოეტი-რომანტიკოსი 
Gerard de Nerval (1808 - 1855)

ფანტაზია 

ეს არიაა, რომლის ჰანგებს ვერცა ვებერი, 
ვერც მოცარტი და ვერც როსინი ვერ შესწვდებიან,
ძველი არია, მწუხარე და მომდუნებელი, 
მხოლოდ მე მიმხელს საიდუმლოს, ნაზს და ვნებიანს

და მუდამ, როცა შემეხება ამ ჰანგთა ქარი, 
მიჭაბუკებდა ორასი წლით სული ვნებული 
და ლუდოვიკო მეცამეტის ცოცხლდება კარი. 
ჩანს მწვანე ბორცვი ჩამავალ მზით შეყვითლებული. 

ჰა, ციხე-კოშკიც, თვალისწარმტაც არემარეში, 
მეწამული რომ უთამაშებს სარკმლის მინებთან, 
გრძელი პარკები ტერფებს ჰყოფენ ცივ მდინარეში. 
ყვავილთა შორის რაკრაკით რომ მიედინება. 

ქერა, შავთვალა ქალბატონი სარკმლიდან მიმზერს, 
შვენის ნატიფი, ძველებური მას სამოსელი. 
სხვა სიცოცხლეში რომ მინახავს და ვხედავ ისევ 
ლამაზ ბანოვანს, ასერიგად მახსოვს რომელიც. 

შარლ ლეკონტ დე ლილი

ფრანგი პოეტი, (1818 - 1894) 
Charles Marie Rene Leconte de Lisle 

კოლიბრი

მწვანე კოლიბრი, ლამაზ სერთა მეფედ ხმობილი,
როს უმზერს ცვრის და მზიურ შუქის ერთობლივ ნთებას
ბუდეში, რაიც ბალახებით აქვს მოქსოვილი,
ვით ცელქი სხივი, აგზნებული ჰაერში სხლტება.

ჩქარობს, წყაროებს ესტუმრება გაფრენით მარდით,
სადაც ლერწმები ზღვას ბაძავენ შრიალა ენით,
წითელ ყვავილებს ღვთაებრივი სურნელი ასდით,
იხსნებიან და გულს ივსებენ ნათელი ტენით.

ოქროსფერ ყვავილს პოულობს და ეფლობა მასში
და ტრფობის სასმელს ეწაფება ვარდისფერ თასში,
გაბრუებული სვამს უზომოდ, დაცლის და კვდება.

ო, ასე სურდა, სატრფოვ ჩემო, ჩემს სულს სიკვდილი
შენს ნაზ ბაგეზე, როს იგემა ნექტარი ტკბილი
პირველი კოცნის და შეიგრძნო ნეტარი ვნება.

შარლ ბოდლერი

ფრანგი პოეტი (1821 - 1867)
Charles Pierre Baudelaire

 სიყვარული და თავის ქალა  ძველი თავსართავი

ვით სამეფო ტახტზე მჯდარი,
კაცთა მოდგმის თავის ქალას,
აზის ტრფობა უტიფარი
და სიცილით ურცხვით ბღალავს

და ბუშტულებს, როგორც ბავშვი,
სუნთქვით მაღლა ერეკება,
თითქოს უნდა მოხდეს ცაში
სამყაროთა შეერთება.

ეს ნათელი მყიფე სფერო
აღმაფრენით არს მოცული
და ზმანება - ოქროსფერი,
- თვით დაფლითა თვისი სული.

მოცახცახე ქალა ცდილობს 
შეარბილოს თხოვნით ვნება:
,,ავთამაში სასაცილო
ნეტა როდის დამთავრდება?

ო, ურჩხულო, მკვლელი პირით
ჰაერში რომ შხეფად ისვრი,
არის მხოლოდ ჩემი ტვინი,
ჩემი ხორცი, ჩემი სისხლი!’’

არტურ რემბო

ფრანგი პოეტი-სიმბოლისტი
Jean Nicolas Arthur Rimbaud (1854 - 1891)

მწვანე კაბარეში (საღამოს ხუთი საათი)

უკვე რვა დღეა შემომეხა ჩექმები გზაზე. 
გზა იყო ქვებით მოფენილი ძნელი და შორი. 
შარლერუაში მწვანე დუქანს მოვადექ ასე 
და მოვითხოვე ტარტინი და ნელთბილი ლორი. 

ფეხების გაშლა მაგიდის ქვეშ, ო, ნეტარება, 
აჰა, ამბავი მიამიტი, დუქნის სადარი 
და მომსახურე ქალიშვილი ცოცხალთვალება, 
თვალს იტაცებდა ძუძუები უზარმაზარი. 

- ო, მაგას ალბათ, ვერ წალეკავს კოცნის მდინარეც. 
- უმალ მომართვა ტარტინები პირმოცინარემ 
და გრილი ლორი, ნიორი რომ ჰქონდა წასმული. 
ლორი მოთეთრო - მოვარდისფრო, გოგონა - სწრაფი. 
უმალ შემივსო დიდი კათხა და ლუდის ქაფი 
მოავარაყა მზემ სხივებით ხანგადასულით.

Комментариев нет:

Отправить комментарий