ჯემალ აჯიაშვილი

დაიბადა 1944 წლის 23 მარტს დაბა სენაკში; 1967 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის ირანისტიკის განყოფილება. 1968-1971 წლებში სამსახურეობრივი მივლინებით იმყოფებოდა ირანში.1974-1990 წლებში მუშაობდა საქართველოს მწერალთა კავშირთან არსებული მხატვრული თარგმანისა და ლიტერატურული ურთიერთკავშირების მთავარ სარედაქციო კოლეგიაში უფროს სამეცნიერო რედაქტორად. კითხულობდა ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და უცხო ენების ინსტიტუტში.
ჯემალ აჯიაშვილმა თარგმნა მსოფლიო კლასიკური პოეზიის ნიმუშები: ბიბლიური ფსალმუნები, ანდალუსიელი ებრაელი პოეტების ლექსები, ძველბერძნული და სპარსული პოეზიის ნიმუშები, შექსპირის, ჩიკამაცუს, ტირსო დე მოლინას, კარლო გოცის დრამატული პოემები, დანტეს, პეტრარკას, მიქელანჯელოს, რილკეს სონეტები, ვლადიმერ მაიაკოვსკის, ბორის პასტერნაკის და სხვათა ლექსები.
გარდაიცვალა 2013 წლის 5 იანვარს, დაკრძალულია ისრაელში.


შუა საუკუნეების ებრაული პოეზია

შემუელ ჰანაგიდი 

(982-1055)
პოეტი, ფილოლოგი, თალმუდისტი

იოსებისადმი

მადლი აღმითქვამს, დამბადებელო, 
ამ უჩვეულო წყალობისათვის...

ცის დასავალთან მოდგა დაისი,
კვლავ აღმოენთო 
საღამოის უტყვი მშვენება...
ხმა მესიტყვება ადონაისი 
თუ ანგელოსი მესიმღერება?

– სები, სადა ხარ? – როკვენ სეფენი,
კვლავ ამღერდება ჩემი ოცნება,
მზით შეივსება შესავსებელი, 
ცა – ვარსკვლავებით შეისოსნება...

მე კი შენს ბილიკს დავემგზავრები,
გზა განმიბანე, ნათლის ნაკადო,
რომ გამარჯვების საგალობელი
ცის დარბაზებში ამოგღაღადო.

– მტერმან ვერაფერი მოიმაქნისაო,
მძლეობს კიპარისის ღერო,
ფრთეო ნათლისაო, ფრთეო ნათლისაო,
შარავანდისაო ჩემო.

* * *
აჰა, ტრედს ვუხმე ჩემი კარვიდან,
ხრმლით მოვუნიშნე ცათა შორეთი,
ქვე განვუფინე მზე და მთოვარე, 
ფრთე დავუმძიმე ეპისტოლეთი
და ღრუბლებისკენ ავაფრთოვანე...
გარნა ფიქრი ჩნდა, აღსდგა ღრუბელი,
კვლა აღუღუნდა ხელში ღადარი,
და სალმობათა ნაფეხურებზე 
ჩნდნენ მესიტყვენი გულისთქმათანი. 
ეჰა, სად მიფრენ ფრთეო ტრედისავ!
სად დაეშვები, რომელ მხარეში, 
გზა შენეული საით დახდება: 
ზღვა გაგეგება სატახტრევანოდ, 
თუ კაკანათი დაგეტახტება?.. ... 

ყრუდ მილივლივებს ქარში ქედანი, 
ცად განიხსნება ბნელი თაღები, 
ძალს მომაგებენ ძალნი მძლეთანი 
და საკრებულოს შევეზრახები: 
- ასრე უენომ ვისთან იენოს, 
ტრედმან ვით შესძლოს თავის ტერება: 
ბაზი დააგდებს საბაზიეროს, 
ან ბაზიერი დაემტერება...
ვიხმე სხვა ტრედი... ისიც ვაფრინე... 
ფრთეო, ამზიდე, ამამზიანე, 
ხელთამპყრობელო, ხელი გამომდე! 
ხამს დამავიწყოს დღემან დღეისამ, 
რაც შევიჭირვე მოაქამომდე... 

- გასწი, გაფრინდი, ჩემო უსტარო, 
ჩემო კუშტო და ჩემო უშტარო, 
რომ ზენაარის საუფლოებში 
ამამზევო და ამამუშთარო. 
ტრედო, წარუძეხ ქროლვას ფიქრისას!.. 
ცის საკრებულოს შეატყობინე, 
რა სასოებით ვხმობდი აქამდე 
და ღთაებრივი ენამზეობით 
აამჭევრე და აალაქარდე... 

და, როცა გზებზე გასრულდება შენი თარეში, –
ბანს გარდაევლე იოსებისას, 
გაეხმე ჩემს  ყრმას და ეაბეზრე, 
რომ განთიადის სინეტარეში 
საუწყებელი ეუწყოს ესრე: 

„- შვილო, განვიგდე მძიმე უღელი, 
სახარებელი უნდა გახარო: 
გუნდრუკს გიკმევენ მეგუნდრუკენი, 
ნავარდალო და ნაზამბახარო!
საყუდარს ჩვენსას მზემან მოხედა, 
ლხინი მოვქარგე ბედის ქარგაზე 
და სარბიელი მეამბოხეთა 
მოვირბიე და მოვიდარბაზე; 

კვალად აღვმართე მკლავი ნაცადი, 
კვლავ გულმაგარმან ჟამი ვიგულე, 
კაცი კაცს ვტყორცნე, კაცად-კაცადი 
ხრმლით ბედაურზე ვამანდიკურე... 
"სისხლი სისხლის წილ!"_ რეკდა მთიები, 
თვალში ჩამიდგა უცხო სიალე, 
ბზეს შევუსართე გადამთიელი, 
ბზე - ქარიშხალში ავაბზრიალე.

დაბადებიდან აღსასრულამდე

ტირილით ვიშვით,
ჭაპანს ვეწევით,
ჩვენვე გვამძიმებს ჩვენი წოდება;
კვლავ განტევებად განვეწესებით,
მუნ მიგვაცილებს სხვისი გოდება.

სიზმარი ესე ხელის ცეცებით
ამ იწროებში მიებღოტება.


შელომო იბნ გებიროლი 
პოეტი, ფილოსოფოსი (1021/1022-1058)

ნათელო ჩემო, 
მიწყივ მადლიან ლოცვებს ვბუტბუტებ,
თავზე გევლები,
ხმას მოგაწვდენენ დილაადრიან 
მზით განბანილი საკურთხევლები.
კამკამებს სული, მღერა ჩაესმის...
და სურვილების ნაზი ანთება
მზით შემოსილი უზენაესის 
საბრძანისებთან ამზიანდება.
ცას შეეხლება მოღაღადე სულის თარეში,
მზის სურნელებად ჩაიღვრება სულში კინამო
და ხარებათა უჩვეულო სიმხურვალეში
შენ მოანათებ გულთამხილავო!
მოდიხარ ცეცხლად... 
ყრუ და ძაბუნი _ ცას განეხვნება ბნელი ფარდები,
მე _ უსიტყვო და სულგანაბული 
შენს შესაყრელად მოვემართები.
ო, შერთვა იგი!.. ჰანგი ქებული!..
ცად აღავლინეთ ძლევის ალმები,
კვლავ საგანგებოდ 
განდიდებული საგალობლებით მოგესალმები.


იეჰუდა ჰალევი 

(XI-XII საუკუნეები)
ცთომილება და ჭეშმარიტება

სარწყულს ვავსებდი... მსურდა ავსება,
გარნა რას ვაქნევ, ბაღი გადახმა...
ჟამი ჟამს მისდევს, გვიჯობს გაქცევა,
ჟამი უნდოა! - წართქვა ქადაგმა.
აქ ცთომილება გვეთვალთმაქცება,
ჭეშმარიტება გვიცდის გადაღმა.

კათხები

დილით ავსებულს ბინდისას დაცლის,
რა სამძიმოა ამის ყურება!...
მიწამ მიწუროს სუფევა კაცის,
ცამან მზე მოწყლას, მზემან - წყლულება.

ასე გვაბრუნებს ზეგარდმო აზრის
უზენაესი მართლმსაჯულება.

* * *
წუხელ მეზმანე, ეჰა, სებია,
თმა შეგმოსოდა უცხო არილით,
წინ ასპიროზი მოგიძღვებოდა,
სხივშემართული წინამძღვარივით.

ბრუნავდა დისკო, ხმობდნენ გუნდები,
ყრუდ გუგუნებდა ბინდი მუხთალი,
ოქრო... ოქსინო... იაგუნდები...
ნაფარჩალი და ნაზურმუხტალი.

ო, ხილვა იგი, თითქოს აღსავლით
ცა სტიქიონთა შეძრა ხმაურმა
და უნაპირო მშვენებასავით
მზის სილამაზე შემეცნაურა.

ფრანჩესკო პეტრარკა

შუა საუკუნეების იტალიელი პოეტი 
Francesco Petrarca (1304 - 1374)

სონეტი

მოვა ჟამი და გაგვიძახებს ბინდი ვრცეული
და ჩვენი ყოფა - მისი ხატი, მისი ფერწერა
არარაობის სათვალავში ჩაიძერწება
და გაცუდდება ყველა ნივთი და განძეული.

და მიდის, მიდის, მიირწევა ჩემი სხეული,
ხოლო თრობა და სიყვარული - ოქროს ლერწებად
შეზრდია სულს და ღამეს მისდევს და ილეწება
დრო - წარმავლობის მოციქულად გადაქცეული.

მიდის ცხოვრება, მიიჩქარის, მაგრამ იმავ დროს
ვეჭვ, ხელოვნებამ აღსასრული გადამივადოს,
მხოლოდ სულია უსასრულოდ მოასპარეზე

და დრო, რომელსაც იმორჩილებს მხატვრის გონება:
ხან არენაზე წარმოჩნდება გრძნობის გარეშე,
ხან ყოველივეს მგრძნობელობით ეპატრონება...


მიქელანჯელო ბუონაროტი

იტალიელი მოქანდაკე, მხატვარი, პოეტი 
Michelangelo Buonarroti (1475 - 1564)
სონეტი

ამოშრი, ცრემლის ნაკადულო, აიგე წესი,
წინ რომ გზა გიძევს გასავლელი, გასახვეწავი, -
ცრემლებთან რა გაქვს სათხოვარი და სახვეწარი,
ისეც აგავსებს გაზაფხულის წვიმა და თქეში.

თქვენც, ტკივილებო, მოილიეთ კვალი და გეში,
თორემ მე, ბედკრულს, ქვეყნის ბრუნვას რაც გავეცანი,
ცისკრის ნათელში მებლანდება მწუხრის ზეწარი
და ღამის ჩრდილი მელანდება შუადღის მზეში.

რბიან დღეები, არყოფნისკენ ისწრაფიან და
მიწა არ მიფენს ძველებურად მწვანე ფიანდაზს,
რომ წუთით მაინც გავერიდო ქრობას და ჭკნობას,

რომ შევაჩერო ულმობელი დროის წრებრუნვა
და წუთისოფლის უხანობით შეიწრებულმა
თვალი შევავლო სიყვარულის ღვთაებრივ ნობათს...

2 комментария:

  1. გენიოსის მიერ გენიოსების გენიალურად ნათარგმნი.ენრიკო ჯანელიძე.

    ОтветитьУдалить