თამარ ერისთავი

დაიბადა 1932 წელს თბილისში.
ლექსების წერა ბავშვობაშივე დაიწყო. შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ფაკულტეტზე ჩააბარა ინგლისური ენის სპეციალობით. მისი ლექსებიც პირველად უნივერსიტეტის ჟურნალ ,,პირველ სხივში’’ გამოქვეყნდა, შემდეგ თარგმნას მიჰყო ხელი; თარგმნილი აქვს შექსპირის პიესები, ბერნსის, ბაირონის, ბლეიკის, ჟაკ პრევერის, აპოლინერის ლექსები...  გამოცემული აქვს შოტლანდიური პოეზიის ანთოლოგია და ქართული ლექსების შვიდი კრებული, საკუთარი ლექსების კრებული და ნაშრომი "ვეფხისტყაოსანზე". გარდაიცვალა 2014 წლის 8 იანვარს.



რობერტ ბერნსი

შოტლანდიელი პოეტი და ფოლკლორისტი
Robert Burns (1759 - 1796) 

ქერის მარცვალი ჯონი

სამ ზვიად მეფეს დიდებულს,
    განთქმულს ძალით და ღონით,
უბრძანებია _ მოკვდესო
    ქერის მარცვალი ჯონი.
მიწა გადახნეს, დამარხეს
    მძიმე ბელტების წონით,
დამარხეს და თქვეს _ მოკვდაო
    ქერის მარცვალი ჯონი.
მაგრამ მოვიდა აპრილი,
    მოჰყვა შხაპუნა წვიმა,
ჯონი ამოძვრა მიწიდან,
    სიცოცხლეს გაუღიმა.
ზაფხულის მზეში მომძლავრდა
    და გაიმაგრა ძალი,
შეიარაღდა შუბებით,
    მტერს დაუყენა თვალი.
ზაფხული მიიწურა და
    დღე გაუთენდა შავი,
სახსრებში იგრძნო ტკივილი,
    დაბლა დაჰკიდა თავი
ხანში შევიდა, დასუსტდა,
    სულ მთლად ეცვალა ფერი,
ახლა კი მის მტრებს დაუდგათ
    ჯავრის ამოყრის ჯერი.
მუხლმოცელილი ძირს დასცეს,
    მტრებმა იხმარეს ძალა,
მერე დააკრეს ფორანზე
    და, როგორც მაწანწალა,
ის გაბაწრული წაიღეს,
    მაგრად დაბეგვეს კეტით,
ქარში იმდენ ხანს ახტუნეს,
    სანამ დაესხა რეტი.
წყლით დიდი ორმო აავსეს,
    ღრმა წყალს არ ჰქონდა ფონი,
და შიგ ჩაუშვეს, ჩაძირეს
    ქერის მარცვალი ჯონი.
კვლავ დაანარცხეს მიწაზე
    და, ვაი მისი ბრალი,
იმდენი გვემეს, გაუქრეს
    სიცოცხლის ნიშანწყალი.
ცეცხლი შეუნთეს, დახუთეს, _
    მოკვდესო მოსაკვდაცი;
მეწისქვილემ კი ქვებს შუა
    მთლად დაუჩეჩქვა თავი.
გულიდან სისხლი დასწურეს,
   სისხლიც დალიეს ხარბად,
შურისძიების წყურვილის
    მოკვლა უნდოდათ, ალბათ.
მაგრამ მაშინვე გაუქრათ
    ზრახვა და გრძნობა მტრული,
წყრომის წილ გულდ დაეუფლათ
    მხიარულება სრული.
ჯონის სისხლს ცხოველმყოფლობა
    არ დაუკარგავს დღესაც,
მხნეობას ნერგავს, დარდს აქრობს,
    გულში სიხარულს თესავს.
მაშ, ხსოვნა იყოს მარადის
    კეთილად მოსაგონის,
ცოცხლობდეს მრავალჟამიერ
    შთამომავლობა ჯონის!

* * *
ცოლი მყავს და ნამუსი მაქვს,
   არ დავუთმობ არავის,
რქებს ვერავინ ვერ დამადგამს,
   არც დავადგამ არავის.
ფულს დავხარჯავ თუ მაქვს ჩემი,
   არ ვუმადლი არავის,
არა მაქვს რა გასაცემი,
   არც სესხსა ვთხოვ არავის.
მე არავის ვემონები,
   არც ვბატონობ არავის,
მტერს შიშველი ხმალით ვხვდები,
   ქედს არ ვუხრი არავის.
გავიხარებ, გავლაღდები,
   არ ვიდარდებ არავის,
თუ არავის ვენაღვლები,
   არც მე ვნაღვლობ არავის.

ჟაკ პრევერი

ფრანგი პოეტი, 
Jacques Prevert (1900 _ 1977)

ჩიტის დახატვა თუ გინდა

ჯერ უნდა დახატო ტილოზე
გალია გაღებულ კარებით
და მერე, რაიმე ლამაზი,
რაიმე სრულიად უბრალო,
რაიმე ისეთი, ძალიან საჭირო
რომ იყოს ჩიტისთვის.
და მერე წაიღო ნახატი
ან ბაღში, ან სადმე ჭალაკში,
ან ტყეში და ხეზე დაკიდო.
შენ თვითონ ხეს ამოეფარო
გაყუჩდე და სული განაბო.
იქნება მაშინვე მოფრინდეს,
ან იქნებ ბევრი დროც გამოხდეს,
ვიდრემდე მოფრენას იფიქრებს,
შენ გულს ნუ გაიტეხ, ელოდე!
ელოდე, მოლოდინს წლებიც რომ დასჭირდეს,
ვერც ადრე მოფრენა, ვერც დაგვიანება
სურათის ღირსებას ვერ შეცვლის, იცოდე.
და როცა მოფრინდეს, თუ მართლა მოფრინდა,
იცოდე, იყუჩე და შეინარჩუნე უღრმესი სიჩუმე.
იდექ და ელოდე, ვიდრე გალიაში
თვით შეფრინდებოდეს. და როცა შევიდეს,
გალიის კარები ჯერ ფუნჯით დახურე
და მერე გალია ერთბაშად წაშალე.
ოღონდაც უფრთხილდი _
ჩიტს, შენთან მოფრენილს,
ფრთის ერთი ბუმბულიც არ დაუზიანდეს.
მერე ხე დახატე და ტოტი ერთ-ერთი,
ყველაზე ლამაზი ჩიტს გამოურჩიე.
ზედ კიდევ დახატე ფოთლების სიმწვანე,
ნიავის სიგრილე, მზის სხივთა ფანტელი,
ზაფხულის ცხელ მზეში მწერების ფარფატი
და კორიანტელი. და ისევ ელოდე,
მორჩილად ელოდე, ვიდრე იმღერებდეს....
ჩიტი თუ არ მღერის, იმის ნიშანია,
რომ შენი სურათი ცუდია ძალიან.
ჩიტი თუ ამღერდა, კარგი ნიშანია,
იმის ნიშანია, რომ ერთი ბუმბული
მოსწყვიტო ჩიტის ფრთას და შენი სახელი
სურათს მიაწერო კუთხეში ჩიტის ფრთით.

Комментариев нет:

Отправить комментарий