ალექსანდრე ელერდაშვილი

დაიბადა 1956 წლის 16 აპრილს, თბილისში. 1973 წელს დაამთავრა თბილისის 77-ე საშუალო სკოლა და სწავლა განაგრძო თსუ-ს აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე სპარსული ენისა და ლიტერატურის განხრით. თანამშრომლობდა მწერალთა კავშირთან არსებულ მთარგმნელობით კოლეგიასთან. 1996 წლიდან არის გაზეთ „ფანტაზიის” და მასთან არსებული გამომცემლობის მთავარი რედაქტორი. არის მთარგმნელთა კლუბის ხელმძღვანელი. მისი პირველი თარგმანები დაიბეჭდა სტუდენტობის პერიოდში „უნივერსიტეტის გაზეთში“. 
1995 წლიდან დღემდე გამოცემული აქვს არაერთი კრებული, სადაც შესულია რუდაქის, ფირდოუსის, ხაიამის, რუმის, პეტრარკას, შექსპირის და სხვა პოეტთა ლექსები. გამოცემული აქვს „უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი” (სამ ტომად), სპარსულ-ქართული ლექსიკონი და მთარგმნელის ბიბლიოთეკის ექვსი წიგნი.  


რუდაქი

მე-9-10 სს სპარსელი პოეტი

ერთხელ ცხოვრებამ გადამიშალა 
   გული და მითხრა: „ისმინე რჩევა!
ცხოვრებას კარგად თუ დაუკვირდი, 
   სიბრძნის შეცნობის გექნება ჩვევა.
შენ ბედში მყოფებს შურით ნუ უმზერ, 
   ბოღმას არ ანდო ღამეთა თევა,
ბევრს ნახავ ისეთს, ვინც შენ შეგნატრის 
   და შენს იღბალში შენს ნაცვლად შევა”.
ბოლოს ეს მითხრა: `სიტყვებს უფრთხილდი! 
   იცოდე, მათი სადაც ღირს ფრქვევა...  
ვინც თავის ენას ბორკილს არ ადებს, 
   ფეხით მოუწევს ბორკილთა თრევა“.


ომარ ხაიამი

სპარსელი მეცნიერი, პოეტი 
(1048 - 1131)
* * *
თუ ვარ ფხიზელი, გაშლილი მაქვს ფიქრის დავთრები,
დავლევ და ჭკუა არ შემრჩება, ისე დავთვრები;
და არის წამი სიმთვრალეს და სიფხიზლეს შუას,
როცა საწუთროს მე არაფერს არ ვემართლები.
* * *
რადგან ამქვეყნად გზაც კი არ მაქვს არსად ნანახი
მარადისობის კარიბჭეთა გადასალახი;
ასი ათას წელს შავ მიწაში გავატარებ და
მაინც ამოვალ მიწის ზემოთ, როგორც ბალახი.
* * *
შენს ნაფეხურებს რომ მოსდია ჩემთან აისმა,
ღვინის დასხმის და სიმღერის ხმა მაშინ გაისმა;
გახსოვდეს, მიწა მუდამ ელის გლეხსა თუ მეფეს,
რომ აღსასრული დეკემბერში ჰპოვოს მაისმა.


უილიამ შექსპირი

ინგლისელი პოეტი და დრამატურგი 
(1564-1616)
74-ე სონეტი

რადგან ჯერ ტყვე ვარ წუთისოფლის მუხთალი ჟამის, 
რადგან ჯერ გიძღვნი სიყვარულით სავსე სტრიქონებს,
რადგან სულ მალე მეც მომისჯის სიკვდილის წამი
მოუსავლეთის საპატიმროს ქორონიკონებს,
რადგან ჯერ მწყალობ, მენდობი და მეამაგები,
რადგან სიკეთის დასაბამი ჩემში გინახავს,
მიწამ წაიღოს ტანი ჩემი, მიწით ნაგები,
სული კი ლექსში მხოლოდ შენთვის შემომინახავს.
მე უკვე ვხედავ ჟამთასრბოლის უძირო ფსკერზე,
რომ ილექება ამღვრეული ჩემი ცხოვრება,
რომ ღატაკივით გადმომდგარა სიკვდილი სერზე 
და ჩემს დარჩენილ ორ დღესაც კი მემათხოვრება.

მიწამ თავისი მიიბაროს, დრომაც თავისი,
ჩემი სული კი შენია და სხვა არავისი!


ოსიპ მანდელშტამი

რუსი პოეტი (1891 - 1938)

სიზმრად ვხედავ მთაგორიან თბილისს,
საზანდარი სადღაც ჰანგებს წელავს,
ეს ქალაქი ჭრელ ფარდაგს ჰგავს თითქმის...
მაღლა ხალხი ხიდებს ფეხით თელავს,
დაბლა მტკვარი დუდუნებს და ღელავს.

ვხედავ მტკვარზე გადმოკიდულ დუქნებს,
იქ ღვინოა და საამო ფლავი,
იქ მედუქნე ყველას სუფრას უქებს,
ჭიქებს უვსებს, ხელს მზადყოფნით უქნევს,
რომ სტუმარმა ლაღად იგრძნოს თავი.

ბადაგივით კახურ ღვინის სმა და
დროსტარება გეამება დაღლილს,
სიგრილეში გაგეხსნება მადა,
სიწყნარეში სადღეგრძელოს თქმა და
სმა ორთან სჯობს... მარტო თრობა არ ღირს!

სულ პატარა დუქანში რომ ჩახვალ
მატყუარას ჰპოვებ ვინმეს, - მზაკვარს,
იქ “თელიანს“ თუ მოითხოვ, ნახავ,
რომ თბილისურ ნისლში განიზრახავ
ბოთლებს შუა დაეძებდე გზაკვალს.

კაცს იცნობდე შეიძლება ხნიერს,
ბატკანი კი ნორჩი გვინდა, ოდეს
მთვარიანი ღამის დასალიერს
ღვინით თრობას მოვისურვებთ ძლიერს,
ირგვლივ მწვადის სურნელი რომ ქროდეს.

Комментариев нет:

Отправить комментарий