კონსტანტინე ჭიჭინაძე


დაიბადა 1891 წ 6/18 მაისს, ამბროლაურის რაიონში.
სწავლობდა თსუ ფილოლოგიის ფაკულტეტზე. 1924-1925 წლებში იყო ჟურნალ „მნათობის“ სტილისტი; 1908 წელს გამოქვეყნდა მისი პირველი ლექსი, 1924 წელს გამოიცა პირველი პოეტური კრებული. ნაყოფიერად მუშაობდა რუსთველოლოგიაში. თარგმნა „ამბავი იგორის ლაშქრობისა“, „სიმღერა ნიბელუნგებზე“, დანტეს „ღვთაებრივი კომედიის“ 1-ლი ნაწილი (კ. გამსახურდიასთან ერთად), ბაირონის, პუშკინის, ნეკრასოვისა და სხვათა ნაწარმოებები. 
გარდაიცვალა 1960 წლის 21 დეკემბერს. 
დაკრძალულია დიდუბის მწარალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.


დანტე ალიგიერი

იტალიელი პოეტი,  Dante Alighieri  (1265 - 1321) 
ღვთაებრივი კომედია
ჯოჯოხეთი, ქება პირველი

უსიერ ტყეში, ამ ცხოვრების ნახევარგზაზე
ანაზდეულად გამოვფხიზლდი გზადაკარგული,
ენა ვერ იტყვის, თუ რამდენად იყო ტყე იგი.

უკაცრიელი, უდაბური და გაუვალი,
თვით მოგონებაც წამიერი ერთხელ ხილულის
საშინელია ამჟამადაც და შემზარავი.

ეს მოგონება თვით სიკვდილზე უმწარესია,
მაგრამ მე მინდა ჯერ მოგითხროთ სულ სხვა საგნებზე,
იმათ ხილვათა მისაწვდომად, განსაცხადებლად.

ვეღარ გიამბობთ, ვით დავკარგე მე გზა მართალი,
თურმე ჩემს თვალებს მორეოდა ეგზომად რული.
ჯერაც ჭალაკი საშინელი არ გამეარა.

ბექობი რამე მეყვსეულად შემომეჩეხა,
ზე ავიხედე, დავინახე: ცთომილის სხივებს
ზეთავი მთისა შეემოსათ უცხო არილით.

აჰა, დაოკდნენ გულის ჩემის ტბისა ზვირთები,
წარსული ღამის სიმძიმილი გამომინელდა
და ვით მენავე ზღვაურისგან გამორიყული

თვალს რომ შეავლებს ამბოხებულ ზღვის მღელვარებას,
ასევე ჩემი მწუხარებით ვნებული გული
უკუ მოიქცა და გასცქერის მიჯნას გადავლილს,

რომლის ბადალი კაცს ხორციელს არ გადულახავს,
ოდნავი შვება მოვუპოვე ჩემს ნაგვემ სხეულს,
ამოვისუნთქე, მოვიკრიფე ისევე ღონე,

მივყევ უდაბნოს მცირე ბილიკს ზემოთ მიმავალს,
და როცა კალთას გორმახისას შევადგი ფეზი,
შემომეფეთა მე უეცრად ფეხმარდი ბაბრი,

ფორეჯებიან, ჭრელი ბეწვით გარემოსილი,
შემომცქეროდა, მომნუსხველი. ჯიქური მზერით
მითვალთვალებდა, არც ლამობდა აქცევას გზისას.

ისე ბეჯითად გადამიჭრა გზა გასავლელი,
შევდექ მრავალგზის, შევყოყმანდი და განვიზრახე:
შემობრუნება, გზის დათმობა და უკუქცევა.


ვაგიფი

აზერბაიჯანელი პოეტი და სახელმწიფო მოღვაწე 
Molla Penah Vaqif  (1717 - 1797)
ქართველი ქალი

ვით ქანდაკება, კეკლუცი, ტურფა,
ეკლესიიდან გამოდის იგი.
თამამი, ლაღი და მოღიმარი,
ეკლესიიდან გამოდის იგი.
როგორც ფადიშა, ფარჩით მოსილი,
ეკლესიიდან გამოდის იგი.
ვით მზე ნათელი, ახდილი სახით,
ეკლესიიდან გამოდის იგი.
სხივებით ჰმოსავს ქვეყანას, ოდეს
ეკლესიიდან გამოდის იგი.

გადავარცხნილი იმისი თმები
სურნელს აფრქვევენ, ვითარცა ია,
ზეაწეული თავი და სახე
არის უჩდრო, სრულიად ღია.
უმზირე! რა სჯობს იმისი ყელის,
მისი ნარნარი ტანის ყურებას?!
ღმერთო, მიხსენი! თვალ-წარბნი მისნი
მოასწავებენ უბედურებას!
სარწმუნოების აღმოსაფხვრელად
ეკლესიიდან გამოდის იგი!

როცა ნელინელ გამოცურდება
გავსილი მთვარის მაგვარი პირი,
გააშუქებენ ქვეყნიერებას
მისი სხივების ტალღები ხშირი.
ვინცა მას თუნდაც ერთხელ იხილავს,
ლოცვა ღვთის მიმართ აღარ სწყურია.
როგორც სამოთხის კარით გამოდის
გარეთ ჰილმანი ანუ ჰურია,
ისე, ასული ქრისტიანისა...
ეკლესიიდან გამოდის იგი.

მის თეთრ სხეულსა სამოსი ჰფარავს,
ვითა ფურცელი, ნაზი და თხელი.
ვერ გამიგია, ცეცხლია ეს თუ
იასამანით მოცული ველი?
მისი კბილები ჰგვანან სადაფსა,
ბაგეა როგორც იემნის ლალი.
თუ შვილდისებურს წარბებს იმისას
ერთხელაც ვინმემ შეავლო თვალი,
დასთმობს მიზგითსა, ნაცვლად დაიწყებს
ეკლესიაში სიარულს იგი.
და მე, ვაგიფი, რომელიც გავხდი
მისთა უტურფეს წარბთა მნახველი,
მექრაბ-მინბარის მიმართ რწმენისა
გულში როდიღა ვარ შემნახველი.
თუ რა შეემთხვა შეიხ-სანანსა,
აწ შესაძლოა ამის გაგება.
ან ეს თბილისი ჩემი მდუღარე
ცრემლების ღვარით დაიდაგება,
ან პაემანზე ჩემთან უთუოდ
ეკლესიიდან გამოვა იგი!

ადამ მიცკევიჩი

პოლონელი პოეტი და ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მოღვაწე 
Adam Mickiewicz (1798-1855)

ზღვის მყუდროება ტარკანკუტის სიმაღლეზე

უკვე ალამი ქარის ფრთებზე ოდნავ ბიბინებს;
ნელა ერხევა სხივოსანი გულმკერდი წყალსა,
ვით სანეტარო ოცნების დროს დანიშნულ ქალსა,
რომ გაიღვიძებს ამოხვნეშით და კვლავ იძინებს.

შიშველ ანძებზე, ნაომარი დროშების დარად,
სთვლემენ უძრავად იალქნები ძირს დაშვებული.
ქანაობს გემი, ვით ჯაჭვებით დამაგრებული.
მგზავრებს ეშველათ; მეზღვაურნიც დამსხდარან წყნარად.

ზღვაო! შენს ფსკერზე პოლიპია მოთავსებული,
რომელსაც სძინავს, ცა თუ არის განრისხებული,
ხოლო დარში კი გაეშლება ცაცები გრძელი.

გონებავ! შენში მოგონების ცივი გველია,
რომელსაც სძინავს, როცა სული უშფოთველია,
ხოლო ჭმუნვის დროს შხამი მისი ინთხევა მწველი.

* * * (ალბომში)
ნეტა მას, ვინცა შენს ხსოვნაში ჩაიძირება,
ვით მარგალიტი, ვით მარჯანი, რომელიც მარად
ბალტიის ლაჟვარდ ზვირთებიდან ზე იმზირება
და ქალწულებრივ მის წიაღში ირწევა წყნარად.

მე, როგორც კენჭსა, სიტურფე რომ არ აბადია,
არა აქვს შუქი მარგალიტის და მარჯნებისა,
თუნდ ერთის წუთით თამაშობა ზღვირთთან მწადია,
მერე კი სილა დამეყაროს დავიწყებისა.

Комментариев нет:

Отправить комментарий