воскресенье, 17 июля 2016 г.

გიორგი წერეთელი


დაიბადა 1904 წლის 8/21 ოქტომბერს, დაბა თიანეთში. 1927 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის სიტყვიერების განყოფილება. 1928 წელს ჩარიცხეს სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ასპირანტად ლენინგრადში, სადაც დასპეციალდა ორიენტალისტიკის სხვადასხვა დარგში. 1933 დაბრუნდა თბილისში და სათავეში ჩაუდგა სამეცნიერო კადრების მომზადებას სემიტოლოგიის სხვადასხვა სფეროში. 1933-1936 ხელმძღვანელობდა ახლო აღმოსავლეთის ენათა განყოფილებას ენის, ისტორიისა და მატერიალური კულტურის ინსტიტუტში. 1942 წელს დისერტაციის დაუცველად მიენიჭა ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი. გიორგი წერეთლის ინიციატივით დაარსდა თსუ-ის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი, სემიტოლოგიის კათედრა (1945) და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი (1960). კათედრას და ინსტიტუტს ხელმძღვანელობდა გარდაცვალებამდე. თბილისის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი დღეს მის სახელს ატარებს.
გარდაიცვალა 1973 წლის 9 სექტემბერს, დაკრძალულია თსუ-ის პირველი კორპუსის ეზოში.
ამინ რეიჰანი 
ლიბანელი არაბი მწერალი (1876 - 1940)

განმკურნე მე, ხევის ქალღმერთო!

განმკურნე მე, ხევის ქალღმერთო, განმკურნე მე;
ჭალების ქალღმერთო, მომიხსენე მე; ველთა ქალღმერთო, გამამრთელე მე;
გალობათა ქალღმერთო, შემეწიე მე.

განა არ გახსოვს ის დღე, როდესაც მე ვამცნე ზეშთაგონება შენი
იმ ხალხს, რომელსაც ბაალის გარდა არა სწამდა სხვა ღვთაება?
ის დღე, როდესაც მე ასპიროზს მსხვერპლი შევსწირე მისი ხელით, 
ვინც არ იცნობდა სხვა ღვთაებას თვინიერ მისა?
ან ის დღე, როდესაც ვახსენე მე შენი სახელი იზიდას ტაძარში და
გამაძევეს მე ქურუმებმა იმ ტაძრიდან?
და დღე, როდესაც ოლიმპზე კვამლი ადიოდა შენი საკმევლისა,
რის გამო მოიღუშა შუბლი კერპთა უფლისა?
მე ვარ, ვინც დასდვა შენი საკმეველი რომაელთ ტაძრების მსახურთა ცეცხლზე.
მე ვარ, ვინც გააბა შენი სიმები ბაბილონის მროკველ ასულთა
და იონიის ხელოვანთ ქნარზე.
ან დაგავიწყდა, თამუზის ტაძრის გარშემო ჩემმა ხელებმა რომ ხეები დარგეს?
ან ფინიკიელთ დედოფალს რომ ჩემმა ხელებმა გვიგრვინი მოუწნა 
დაფნისა და ყვავილებისგან?
ან რა ჩასწერა ჩემმა ხელმა მზისა და ცეცხლის მსახურთა წიგნში?
ან ჩემმა ხელმა რომ დაამსხვრია მტარვალთა კერპნი და ნეტართ ძეგლები?

განმკურნე მე, ხევის ქალღმერთო, განმკურნე მე;
ველთა ქალღმერთო, გამამრთელე მე; გალობათა ქალღმერთო, შემეწიე მე.

მიგალობე მე შენს ქნარზე გალობანი, რომელთაც დღეს მოსძახიან
ტყის ფრინველები და ბაღის შაშვები.
მიმღერე მე სიმღერები, რომლებიც ხვედრია საქონელთ მწყემსებისა,
ხმა შენი სტვირისა მწუხრის ჟამს, ხმა შენი ორღანოსი განთიადისას, მასმინე მე.
ხმისაკენ შენი მონებისა მდინარის ნაპირს და
ხმისაკენ შენი შვილებისა უდაბნოში წარმიძეღ მე.
მოჰფინე აწ ჩემი სარეცელის გარშემო სუნნელება, რომელსაც მალავენ მინდვრები.
დაღვარე ჩემს თავზე ის, რაც დასტოვეს ჩემს თასში წარსულმა წლებმა.
შემმოსე მე შენი სიყვარულით, კეთილმცხე მე შენი ნელსაცხებლით,
მაცოცხლე მე შენი ბაგეების ჩურჩულით, შენი თითების შეხებით.
დაუბრუნე ახლა ჩემს სასმენელთ, რაც დამავიწყდა შენ მიერ ნასწავლებ გალობათაგან.
მასმინე ახლა ის, რაც შევითვისე შენგან ბაბილონისა და იონიის ხელოვანთ საკრებულოში.
განმკურნე მე, ხევის ქალღმერთო, განმკურნე მე;
გალობათა ქალღმერთო, შემეწიე მე.

მე სტვირი ვარ მწყემსებისა შენ მონათაგან. მე ჩანგი ვარ შეყვარებულთა შენ მონათაგან.
მე ორღანო ვარ მოხეტიალისა შენ მონათაგან. მე ქნარი ვარ შენი
დღესასწაულის ღამეს მოცეკვავე ასულებისა.
მე ვარ შენს სილამაზეში გამოვლენილი სული, საიდანაც ნათელი შენი წარმოდგინდება,
რომლითაც შენი სიბრძნის წიგნები აღიბეჭდება
და რომელსაც თავს დასტრიალებენ შენი გრძნებების ბულბულნი.
მე ხმა ვარ შენი, დროის მიერ ხორცშესხმული; მე სული ვარ შენი,
გარდამოსული ვედასა და ფსალმუნში.
მე მოციქული ვარ შენი უერთგულეს მონისა მიმართ; წარჩინებულის
მიმართ იმათგან, ვინც ალამაზებს მომავლის სიზმრებს;
არა, ყველას მიმართ, ვინც „დაეხეტება ყოველგვარ ხევში“*
მე შთაგონება ვარ შენი ქებათა ქებაში. მე ნათელი ვარ შენი მის სულში,
ვინც გალობით შეიმოსავს სინანულს.
მე ჰანგი ვარ შენი ქნარისა, დატყვევებული სიშმაგის მიერ პირამიდების კედელთა შორის.
არა, მე გალობა ვარ, უკუქცეული ღამეების მიერ წარსულ წლებისკენ.
მე შენს ქნარზე სული ვარ ფენიქსისა, დამარხული ბედისწერის ფერფლქვეშ;
არა, სული ორფეოსისა ხელოვნებათა ტალღებზე.
ჰო, მე ქნარი ვარ შენი, მე ხმა ვარ შენი, გალობა ვარ შენი.
მაგრამ ხელმა ცოდვილმა დაახრჩო ბულბულნი იმ ქნარზე და დასწყდა სიმები.
დღეს კი მოვიდნენ ასულნი ღუღუნისა* და განკურნავენ თავიანთი
ჟღურტულით ჩემს სნეულ გალობას.

განმკურნე მე, ხევის ქალღმერთო, განმკურნე მე;
ველთა ქალღმერთო, გამამრთელე მე; გალობათა ქალღმერთო, შემეწიე მე.

შემეხე მე შენი თითებით, რომ დამიბრუნო ბრწყინვალება ჩემი მეფობისა.
დამიბრუნდი მე განთიადისას, რომ შენი სუნთქვით დაამაგრო სიმები.
განმბანე მე წყლული შენი ღვთაებრივი წყალობის ტალღებით.
გააბი ჩემი სიმები გრძნებით შენი მუსიკის გრძნებათაგან.
დამიბრუნე მე, ტკივილებმა რომ პოეტური ცხოვრების დიდება მომტაცეს.
მიმიკარ შენს მკერდზე, ასულო მარადისობისა და დაუსრულებლობისა,
რომ წარიხოცოს ჩემი შუბლიდან მწუხარება თაობებისა
და განაყოფიერდეს ჩემში უნაყოფობა წინაპრებისა.
შემდგომ მისა, რაც წარსულში შენ დაგშორდნენ ჩემი თვალები,
მე აღარ ვიცი კვნესაზე მეტად მიმზიდველი რამ შენს სიყვარულში.
როდემდის უნდა გრძელდებოდეს ეს უარყოფა, ეს სიმკაცრე, განშორება და დავიწყება?

მომიხსენე მე, თუნდაც ერთხელ, ჩემს წყვდიადში.
დამიბრუნდი მე, თუნდაც ერთხელ ჩემს ზმანებაში.
შემეწიე მე, ვიდრე ჩემი დღეები დაჭკნებოდეს.

-----------------------
* იგულისხმება პოეტები, რომლებიც დახასიათებული არიან ყურანში, „პოეტთა სურა“, 26, 221-226.
*ბ ი ნ თ   ა ლ-ჰ ა დ ილ  - `ასულნი ღუღუნისა~, ჩვეულებრივი არაბული გამოთქმაა მტრედის აღსანიშნავად.

Комментариев нет:

Отправить комментарий