среда, 20 июля 2016 г.

პაოლო იაშვილი

დაიბადა 1894 წლის 29 ივნისს, სოფელ გამოღმა არგვეთში (საჩხერის რ-ნ).
1900 წლის 1 სექტემბრიდან პაოლო იაშვილი მშობლებმა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში მიაბარეს. მასთან ერთად სწავლობდნენ „ცისფერყანწელთა“ მომავალი ლიტერატურული ჯგუფის გამოჩენილი წარმომადგენლები: ვალერიან გაფრინდაშვილი და ტიციან ტაბიძე. 1911 წლიდან პოეტმა სწავლა განაგრძო ანაპაში - კერძო გიმნაზიაში. 1913 წელს პაოლო პარიზში გაემგზავრა და ლუვრთან არსებულ ხელოვნების ინსტიტუტში შევიდა. 1915 წელს პოეტი ქუთაისში მკვიდრდება და აქტიურად ებმება ლიტერატურულ ცხოვრებაში. 1911 წლიდან ბეჭდავს ლექსებს გაზეთ „კოლხიდაში“. 1912-1913 წლებში, გიმნაზიის დამთავრების შემდეგ, სათავეში უდგას და რედაქტორობს ყოველთვიურ ლიტერატურულ-მხატვრულ ჟურნალ „ოქროს ვერძს“. ამავე წლებში პოეტი გაიტაცა მხატვრობამ. ის გაემგზავრა პარიზში და შევიდა ლუვრთან არსებულ ხელოვნების ინსტიტუტში.
ქართველ მწერალთაგან პირველი, რომელიც რეპრესიებმა შეიწირეს, პაოლო იაშვილი იყო, თუმცა პაოლო იაშვილმა დაპატიმრებას დაასწრო და მწერალთა სახლში, 1937 წლის 22 ივლისს თავი მოიკლა.

ალექსანდრ პუშკინი

რუსი პოეტი, პროზაიკოსი და დრამატურგი, 
Александр Сергеевич Пушкин (1799 - 1837)

* * *
მე თქვენ მიყვარდით: და ვინ იცის, ეს გრძნობა დიდი
იქნებ ჩემს სულში ჩარჩენილა, ვით ნათლის სვეტი,
მაგრამ მე თქვენი შეშფოთება არ მინდა მითი,
და თქვენი გულის დაღონებაც არ მინდა მეტი.

მე თქვენ მიყვარდით უიმედოდ, უხმოდ, უთქმელად,
ხან მოკრძალებით, ხანაც ვიყავ ეჭვით ფარული,
მე თქვენ მიყვარდით ისე ნაზად, ისე გულწრფელად,
რომ ღმერთმა მოგცეთ ასეთივე სხვა სიყვარული.


არტურ რემბო

ფრანგი პოეტი-სიმბოლისტი
Jean Nicolas Arthur Rimbaud  (1854 - 1891)

ლურჯ საღამოთი, ზაფხულობით წავალ ფარულად,
სადაც ყანაა და ბალახით ავსილი ველი;
ფეხებთან ვიგრძნობ, რომ ბალახი მთლად დაცვარულა
და შევცურდები ქარში ზვავი და თავშიშველი.

ხმას არ გავიღებ... არ ვიფიქრებ... მაგრამ ძლიერი
ვნებით მევსება სიყვარულის უბე და კალთა;
და მივალ, როგორც დამშეული ბოჰემიელი,
და ბედნიერი ბუნაბასთან: ისე ვით ქალთან.

ვაგიფი

აზერბაიჯანელი პოეტი და სახელმწიფო მოღვაწე 
Molla Penah Vaqif  (1717 - 1797)

   მარტოდ ვიყოთ და მეტოქე არსად ჩანდეს,
რომ შემეძლოს საუბარი შენთან ერთად.
ხელი ხელში... ვიცინოთ და ვიბაასოთ,
გავატაროთ დრო ნეტარი - შენთან ერთად.
 
   ღაწვი ღაწვსა ჩავაკონოთ ერთი აზრით,
თვალი თვალსა რომ უცქერდეს დიდ სინაზით,
მსურს, ავენთო შენი მკერდის სილამაზით,
შევსვა ტკბილი თაფლის ღვარი - შენთან ერთად.

    რომ ვხედავდე შენს თვალებში სიხალისეს,
წამწამები ჰგავდეს შავი ბროლის ისრებს,
მტერს განვგმირავ - თუ მეტოქე შემოგვისწრებს,
რომ ვისუნთქოთ ტკბილი დარი - შენთან ერთად.
 
   ვიგრძნო სითბო, სიკეკლუცე და სიამე,
შიშის ნაცვლად გამხნევებდეს სითამამე,
შენთან ერთად დამათენდეს თავზე ღამე,
გრძელდებოდეს ეს ზღაპარი - შენთან ერთად.
 
   ვ ა გ ი ფ! სატრფოს საპასუხოც გაიგონე,
ამ ნიღაბის ასახდელად მომეც ღონე,
შევსვათ ღვინო - მოვილხინოთ თავმომწონედ,
რომ ყოველდღე ვიყო მთვრალი - შენთან ერთად.

1 комментарий: