ვახუშტი კოტეტიშვილი


დაიბადა 1935 წლის 4 აგვისტოს, თბილისში.

1959 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი. 1965-1977 წლებში იყო თსუ-ს აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის დოცენტი, 1994 წლიდან - ფოლკლორის კომპლექსური კვლევის მეცნიერ-ხელმძღვანელი. პირველი ლექსი 1954 წელს გამოაქვეყნა, პირველი თარგმანები — 1958 წელს. სამეცნიერო ნაშრომები ძირითადად სპარსულ პოეზიაზე აქვს გამოქვეყნებული, თუმცა ეკუთვნის მრავალი მონოგრაფია ლიტერატურის სხვადასხვა ჟანრში. სპარსულ პოეზიასვე ეხება მისი პოპულარული თარგმანები: ომარ ხაიამის „რობაიათი“, ჯამის „ლირიკა“, ჰაფეზის „ლირიკა“ და სხვა. გარდა ამისა, გადმოქართულებული აქვს გერმანული, რუსული და ესპანურენოვანი ლიტერატურა.

ქართული ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის მიენიჭა ლიტერატურული პრემია „საბა“. იყო აგრეთვე საფრანგეთისა და ავსტრიის ლიტერატურული პრემიების ლაურეატი. 2007 წელს ირანის სამთავრობო კომისიამ იგი სპარსულიდან ექვს საუკეთესო მთარგმნელთა შორის დაასახელა და სამთავრობო სიგელით დააჯილდოვა.

გარდაიცვალა 2008 წლის 7 აგვისტოს.


ფირდოუსი  فردوسی

სპარსელი პოეტი (940 - 1020)

ფრაგმენტი „შაჰნამედან“

სახელით ღვთისა, სულისა და გონის უფლისა,
აზრთუწვდენლისა, მეუფისა ორთავ სოფლისა.

ვინ არს უფალი სახელთა და ყოვლთა ადგილთა,
ვისგან გზანი და კაცთ არსობის პური დადგინდა.

რომელმან შექმნა ცა, მიწა და ცათა სფეროზე,
აღმოაბრწყინა მზე და მთვარე და ასპიროზი.

იცოდე, თვალით მისი ხილვა თუ მოგინდება,
ვერრას გახდები, თვალნი ფუჭად დაგებინდება.

ყოველ დგამთა და სახელთ მიღმა ჰგიეს რომელი,
იგი არს კაცთა აზრისათვის მიუწვდომელი.

ხელვერეწიფვის სიტყვა მისთა გზათა მიგნება,
აზრი და გონიც ამა გზაზე უძლურ იქმნება.

რამეთუ გონი იმას ურჩევს სიტყვას და სახელს,
რაიც მის მიერ იხილვების, ოდენ მას ამხელს.

მას, ვერსახილველს, ვით შეასხას კაცმა ქებანი,
ხამს მსახურებდეს, მას მონებდეს, იგზნოს ვნებანი.

ამქვეყნად აზრი და გონება, სული და ენა
როგორ შეძლებენ, ღირსეულად ადიდონ ზენა.

ხამს აღიარო იწამო არსება მისი,
ხამს განირიდო უქმი სიტყვა, შენი თუ სხვისი.

თავყანი ეც და მართებული გზანი ეძიე,
შინაგან მზერით მის მცნებათა სიღრმეს ეწიე.

ვისაც ცოდნა აქვს, ის იქნება ძალგულოვანი,
ცოდნისგან კვალად ჭაბუკდება გული მხცოვანი.

სიტყვას არ ძალუძს გაარღვიოს გრძნეული გარსი
და აზრს, რომ ახსნას იდუმალი არსობის არსი.


ომარ ხაიამი  عمر خیام
სპარსელი მეცნიერი, პოეტი (1048 - 1131)

ქვეყნად რაიმე, ქარის გარდა, არ არსებულა
რადგან ყოველი დაქცეულა, არ ავსებულა,
არ არსებული არსებულად ჩათვალე, ძმაო,
არსებული კი მიიჩნიე არ არსებულად

* * *
ბაგით დავწვდი დოქის ბაგეს, ბაგე გადავიბადაგე,
დღეგრძელობას ვეძიებდი, ჟამთა სრბოლით დავიდაგე,
დოქმა მითხრა საიდუმლოდ: მომაგებე ბაგეს ბაგე,
ქვეყნად განა კიდევ მოხვალ, დალიეო, რას ქადაგებ.

* * *
მე იმ ლამაზს მივტირი, დავალ, როგორც ეული,
მას კი სხვისი დარდი აქვს გულზე შემოსეული;
ჩემი გულის განკურნვა როგორ უნდა მოვთხოვო,
როცა ჩემი მკურნალი თვითონ არის სნეული.

* * *
ვარდობისთვე, რუისპირს ატეხილი ჭალაკი,
ორიოდე სატრფო და ჩუმი, მყუდრო ალაგი,
ღვინო მომეც, მოყვასო, ნასმურევზე გამოსულთ
არც მეჩეთი ახსოვთ და არც სამოთხის არაკი.

* * *
იმხიარულე და ცხოვრება გაილამაზე,
დრო რომ იცვლება, ნუ ინაღვლი, ძმაო, ამაზე,
ქვეყნად ყოველი მარადისი რომ ყოფილიყო,
არ გაჩნდებოდი არასოდეს ამ ქვეყანაზე.

* * *
ერთ დროს ეს ჩემი ხელადა ალბათ ჩემსავით ღელავდა,
მზეთუნახავის ნაწნავი ბორკავდა, ქცეულს ხელადა,
ხელი რომ უდევს დოინჯად, ასე არ ჰქონდა ძველადა,
მიჯნურის ყელზე ეხვია, ლაღად და უდარდელადა.

* * *
ვისაც ეწადა ვარდის კონა, თუნდაც პაწია,
მან ჯერ ეკლები იგემა და ჯაფა გაწია,
ეს სავარცხელიც სანამ ასე არ დაისერა,
მანამ საწადელ ზილფებამდე ვერ მიაღწია.

* * *
ჩამოთავდა ყრმობის წიგნი ისე, როგორც წყალი,
აფსუს, ნორჩი გაზაფხული, სიჭაბუკით მთვრალი,
ან ის მტრედი რაღა იქნა, ბალღობა რომ ერქვა,
ჰაუ, ისე გამიფრინდა, ვერც მოვკარი თვალი...


ჰაფეზი   حافظ
სპარსელი პოეტი (1325 - 1390)

შენ ცისკარი ხარ, მე - მიმქრალი სანთლის მუდარა,
მაგრამ განთიადს სანთლისაგან არა უნდა-რა.

სული მხდება და მებინდება სიცოცხლის დღენი,
შენმა ღიმილმა ჩემს სულს ვეღარ გამოუდარა.

სამარეს ია ამიყვავებს, რადგან ამ გულმა
ზედ დაჭდეული ზილფის დაღი იას უდარა.

ჰ ა ფ ე ზ, შენს საფლავს სატრფომ სიოდ რომ ჩაუქროლოს,
შემოგეხევა ვნებისაგან ტანზე სუდარა.

* * *
ხმამ იდუმალმა, მამცნო რომ სევდა
და მწუხარება წარმავალია
არრა დარჩება სამარადისოდ
რადგან ყოველი წარმავალია.
რადგან ყოველი ქვეყნად რაც არი
იწვის და რჩება მხოლოდ ნაცარი
და სხვა ნუგეში ქვეყნად არცა არი
რადგან ყოველი წარმავალია.
საწუთროს ბჭესთან დგას კარის მცველი
ხელთ უმოწყალო უპყრია ცელი
ყოველ ჩვენთაგანს ის ცელი ელის
რადგან ყოველი წარმავალია.
ცრემლთა მდინარის სველი ნაპირი
და სიხარული სევდით ნაფერი
აღარ დარჩება აღარაფერი
რადგან ყოველი წარმავალია.
ოქროს სახვეჭად გმინვა და ოხვრა
არ ღირს წვალებად და წელში მოხრად
ავლა-დიდება დარჩება ოხრად
რადგან ყოველი წარმავალია.
ჭეშმარიტებას ახადე ფარდა
ნახე წარწერა იდუმალ კართა
კეთილშობილურ საქმეთა გარდა
ქვეყნად ყოველი წარმავალია.
ჰაფეზ, ავდარი კვალდაკვალ გდევდა
ოცნების აფრებს გრიგალი ხევდა
მაგრამ გაივლის ეგ შენი სევდა
რადგან ყოველი წარმავალია.


აბდ ორ-რაჰმან ჯამი   عبد الرحمن جامی
სპარსელი პოეტი, ცხოვრობდა თანამედროვე ავღანეთის ტერიტორიაზე  
(1414 - 1492)

მე ყოველ დილით მივდივარ ბაღში
და თან მიმყვება ამალა დარდის.

კვირტივით ვიგლეჯ თმენის საყელოს,
მოუთმენლობის ცრემლები დამდის.

ვუხმობ და ვიკრებ სათუო ფიქრებს,
რამე ამბავი მამცნობოს იქნებ

მიწიდან ახლად ამოსულ ვარდმა -
მიწაში ახლად ჩასული ვარდის.

* * *
გარდიქეც სანთლად და დაიწვი, როგორც სანთელი,
რათ მოჰფინო სხვათა ლხინს და ნადიმს ნათელი.

ავსა და კეთილს შენ მიაგე მხოლოდ კეთილი,
უმეგობრე და ნუ იქნები გულჩაკეტილი.

გარდიქეც ღრუბლად, რომ იწვიმო და წვიმის დარად
სარეველას და ვარდს თანაბრად ეპკურო ცვარად.

* * *

ჰე, მერიქიფევ, მომაწოდე ის დიდი ჯამი,
ჩემს არსებას, რომ განმაშორებს თუნდ ერთი წამით.

ჩემში რომ დაშლის თიხისა და წყლის შენაერთებს,
აღმამაღლებს და უზენაეს სულთ შემაერთებს.

მოდი, მუტრიბო, ააკვნესე შენი ლერწამი,
ის ხმა მასმინე, რომლისთვისაც მიწყივ ვეწამე.

რომ ამ მდაბალი ბუნაგიდან გამოვმზეურდე
და დავრდომილი მა შეუვრდე და ავმზეურდე!

* * *

გული წყაროა, ლექსი გულის წყაროს წყალია,
ლექსის ამღვრევა ამღვრეული გულის ბრალია.

ხამს დაყოვნებით იყოს სიტყვა შენს მიერ თქმული
გმართებს, ყოველი მწიკვლისაგან განწმინდო გული.

ამ ქვეყნიურ ფორიაქში რომ შეძლო მშვიდად,
წმინდა გულიდან მარგალიტი მიიღო წმინდა.


რაინერ მარია რილკე

ავსტრიელი პოეტი 
Rainer Maria Rilke (1875 - 1926)

შემოდგომა

ფოთლები ცვივა,
თითქოს შორით მომწყდარან იმედს.
თითქოს ჭკნებიან შორეული ზეცის ბაღები.
ცვივიან ცივად, უგუნებოდ და ხელაღებით.
და ვარსკვლავთაგან ღამეული ზეცის თაღებით
სიმარტოვეში დედამიწაც ეშვება მძიმედ.
ყველანი ვცვივით.
ხელიც, როგორც ფოთოლი ხმელი ვარდება.
ხედავ? – საერთოა ცვენა და ბარდნა.
მაგრამ არსებობს ერთადერთი,
ვინც ყოველ ვარდნას
უკიდურესად ნაზად იჭერს თავისი ხელით.

სიყვარულის სიმღერა

ვით დავიოკო სული ისე, რომ იგი შენსას
აღარ შეეხოს არასოდეს? ვით აგარიდო?
სხვა საგნებისკენ ვით წარვმართო იმისი ჟრჟოლა?
ო, როგორ მინდა გადავმალო და სადმე შევსვა,
ქვეშ ამოვუდო რამე საგანს და გავარინდო,
რომ არ შეეხოს მას შენეულ სიღრმეთა თრთოლვა.
მაგრამ ვაი, რომ არ არსებობს შენი და ჩემი
და რაც ორივეს შეგვეხება, ისე ვით ხემი,
რომელსაც ე რ თ ი ხმა ამოჰყავს,
ორ სიმს რომ გაკრავს,
მე და შენც ასე შეგვაერთებს სიმღერის გეში
და ვიქნებით მისგან ძლეული,
გადაჭიმულნი ასე ერთად რანაირ საკრავს?
ანდა რომელი მესაკრავის საოცარ ხელში?
ჰანგი გრძნეული.

Комментариев нет:

Отправить комментарий