ზეზვა მედულაშვილი

დაიბადა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ არაშენდაში 1939 წლის 20 დეკემბერს.
1957 წელს დაამთავრა არაშენდის საშუალო სკოლა და მისაღები გამოცდები ჩააბარა თსუ აღმოსავთლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე - ჯერ სპარსულის და მერე არმენოლოგიის განხრით. 1961 წელს მისი პირველი თარგმანი დაიბეჭდა ალმანახ „მეგობრობის ცისარტყელაში“. მისი თარგმანები: სპარსული, სომხური, ტაჯიკური, უზბეკური, თურქმენული, თურქული, ჩეჩნური, რუსული, გერმანული, აზერბაიჯანული ენებიდან იბეჭდებოდა სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებში. 1974 წლიდან მუშაობდა მწერალთა კავშირთან არსებულ მხატვრული თარგმნისა და ლიტერატურულ ურთიერთობათა მთავარ სარედაქციო კოლეგიაში უფროს მეცნიერ-თანამშრომლად.


აზერბაიჯანული ბაიათები

ვარდების თაიგულზედა
ცვარი ჰკიდია სულ ზედა;
სატრფოს მოწერილ წერილსა
მალიმალ ვიკრავ გულზედა.

* * *
მებაღემ ბაღი შეღობა,
ქურდს უჭირს ცხვირის შეყოფა,
მე სევდის ბაღი ვაშენე,
ღობედაც სევდა ეყოფა.

* * *
მონადირე დასდევს ირემს,
ირემი კი გზაკვალს ირევს,
მე შენი ვარ და შენ ჩემი,
თუკი ბედი დააპირებს.


* * *
მთიდან ფეხით მოველი,
დარდი მწვავდა ცხოველი;
ერთხელ შევხვდით და ჩვენზე
ჭორმაჭანკლობს ყოველი.

* * *
თავრიზი და მარაღა,
მეტი არ მაქვს ჩარა-ღა:
ჩემს საყვარელს დავეძებ,
დამრჩენია სხვა რაღა?!

* * *
ბედი ვინა და მე - ვინა,
სული არ მომათქმევინა, _
სხვას რომ შარბათი შეასვა,
მე შხამი დამალევინა.

* * *
რუს წყალს რომელი არ აქებს,
ბაღჩას თუ ჩაუარაკებს,
ხალხს უდარდელი ვგონივარ,
დარდი კი მალაპარაკებს.

* * *
წითელი ვარდი მდგარიყოს,
უდროოდ არ დამჭკნარიყოს,
განშორება და სიკვდილი -
ნეტა არცერთი არ იყოს.

* * *
ბედმა ისარი მწია რა,
გულს დამაჩნია იარა,
კარგისთვის ხიდი გავიდე,
ცუდმაც ზედ გადაიარა.

* * *
დროო, შენგან მეკადრება, 
ისრით გული მეფატრება,
ვირი ნარჩევ ქერსა ჭამს და
ცხენს კი ნამჯა ენატრება.

* * *
წყალო, ცვარ-ცვარ ჩამოცვარდი,
ბაღში გელოდება ვარდი.
დარდიანსა ნუღარ ჰკითხავ,
თავად ათქმევინებს დარდი.

* * *
თოვლი ჩამოდის ზვავადა,
დღეს სხვა დროა და სხვა ვადა, 
ყვავი შევარდნად ქცეულა,
შევარდენი კი _ ყვავადა.

* * *
კარგია, ერთხელ მახარო,
წარბი საჩემოდ გახარო;
თვალებზე გიცნობ, ლამაზო,
ჩვენი მთის ირემს ჰგავხარო.

* * *
კბილი გიგავს ოქროსა,
სიტყვა - ოკრობოკროსა,
შენნაირმა ლამაზმა
ნეტავ დამიმოყვროსა.

ვაგიფი

აზერბაიჯანელი პოეტი და სახელმწიფო მოღვაწე 
Molla Penah Vaqif  (1717 - 1797)
თუკი გიყვარვარ

თუკი გიყვარვარ, მოვეხვიოთ, მოდი, ერთმანეთს,
ფარული მზერა, ანდა შორით ნახვა რა არის?!
არ გიყვარვარ და, ან გამცილდი, წადი, ღმერთმანი!
ან ჩემი სულის ეგრე ცეცხლით დაღვა რა არის?!

სიყვარულისთვის ვინ დაგვცინებს, თუ აქვს გონება?!
ვინ დაგიძრახოს სატრფოსათვის გულის ღონება,
თუ თვალს არ მოსწონს, გულს არცარა მოეწონება, -
კეკლუც-კაზმულად ჩემ წინ გზების ლახვა რა არის?!

სისხლად დაცალე გულ-ჯიგარი ვაგიფისანი,
მით გაამრავლე იმედები რაყიფისანი;
რაღა გავიგო, თუ ფარულად ნიშანს მიგზავნი,
მაშინ აშკარად საყვედური, ძრახვა რა არის?!


საიათნოვა Սայաթ-Նովա

სომეხი პოეტი და მუსიკოსი (აშუღი), (1712 - 1795)
ამბობენ

ვინ სატრფო არი, ვინ - დოსტი და ვინ - მეგობარი,
ზოგს ვარდი უყვარს, ზოგს - ამბარი, - ამას ამბობენ.
ზოგი - ბულბული, თუთიყუში არი ზოგიცა,
ვისას - ლაბლაბოს, ვისას ყანდის ჭამას ამბობენ.

ზოგი ილხენს და ზოგს აცვია სევდის თათმანი,
ზოგს მისხალი აქვს, მეორეს კი ხუთი ბათმანი,
ორსა დაახრჩობს ერთმანეთის მტრობა ათმაგი -
სიკვდილ-სიცოცხლეს, - თვალის ცრემლით ბანას ამბობენ.

ოქროს ეჟვნისთვის ჩაუვლია ზოგიერთს ჭანგი,
ზოგი ღვინოს სვამს, ზოგსაც ჯავრით დაათრობს ბანგი,
ზოგი საზს უკრავს, ზოგსაც ხელში უჭირავს ჩანგი,
ვინ დროს ატარებს, ვინ - შხამსა სვამს, - ბალღამს ამბობენ.

ზოგსა სძინავს და ზოგიერთი არის მღვიძარი,
ზოგი მთვრალია, ზოგიერთი ფხიზელიც არი,
ვინ ხელით არი, ფეხით არი - ვინ - სახიჩარი,
კვერცხის მალამოს დაადებენ, - ჩარას ამბობენ.

ეს საიათნოვა ნაჭერია რომელ ფართლისა,
ჰინდს თუ ჰამადანს - მზესა ჰფიცავს რომელ გამდლისა?
ჩემი სამშობლო თბილისია, მხარე ქართლისა,
დედას - ავლაბრელს, ალაბელსაც მამას ამბობენ.

Комментариев нет:

Отправить комментарий