დავით წერედიანი

დაიბადა 1937 წლის 12 აგვისტოს, აბაშის რაიონის სოფელ ქოლობანში.
1960 წელს დაამთავრა თსუ ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1963 წლიდან მუშაობდა შოთა რუსთაველის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტში. 1981 წლიდან ეწევა მთარგმნელობით საქმიანობას.




ფრანსუა ვიიონი
ფრანგი პოეტი 
Francois Villon (XV ს შუა წლები)

წვრილ თქმათა ბალადა

ვიცი გარჩევა რძისაგან ბუზის,
ვიცი გარჩევა ბზისაგან ქერის,
ვიცი, ვინ კაცი რა საქმეს უზის,
ვიცი, ვინ ჩიტი რა ხმაზე მღერის,
ვიცი თვალადიც, ვიცი ართვალიც,
ვიცი უკმეხიც და კუდქიცინაც,
ვიცი ამ ქვეყნის ტყუილ მართალი,
ჩემი თავისა არა ვიცი რა.

ვიცი ყველა და ყველას გზა-კვალი,
ვიცი, რა ძაფი სად ჩაბურდულა,
ვიცი, რას უხსნის მღვდელს დიაკვანი,
ვიცი, რას ახვევს ქურდი ქურდულად,
ვიცი, ვინ ვისი კრიფა ყურძენი,
ვიცი, ვინ გასხლტა, ვინ ჩაიძირა,
ვიცი ღვინოც და ღვინის ჭურჭელიც,
ჩემი თავისა არა ვიცი რა.

ვიცი ნატვრა და ფასი ნატვრისა,
ვიცი, რისია ქალთა მისნობა,
ვიცი ბეატაც და ბეატრისაც,
ვიცი, რომელი რითი იცნობა,
ვიცი ათასი იწილ-ბიწილო,
ვიცი, ვინ ვისთან იძილღვიძილა,
ვიცი ცრემლი და ცრემლში - სიცილი,
ჩემი თავისა არა ვიცი რა.

პრინცო, ვიცი და პასუხსაც მთხოვენ,
ვიცი, საწუთრო მეც შემიწირავს,
ვიცი, სიკვდილი შემუსრავს ყოველს...
ჩემი თავისა არა ვიცი რა.

შემინდეთ, ვისაც შეგცოდეთ რამე!

ჩამომხმარ ბერს თუ ღაჟღაჟა აბატს,
ყმაწვილს, გასენილს ტრფიალის სენით,
გოგოს, რომელსაც ლამაზი კაბა
შემოსტკეცია ტანზე და შვენის,
ქუჩის მასხარას, შემოსილს ჭრელად,
თაღლითს თუ არიფს, მჭმეველს თუ მჭამელს,
უკანასკნელაად მივყვირი ყველას:
შემინდეთ, ვისაც შეგცოდეთ რამე!

ქალებს, რომლებიც გზისპირას დგანან
და კერტებამდე აჩენენ ჯიქნებს,
შარის საძებრად გამოსულ განაბს,
კარტის მწყობელს თუ შიგნელის მშიგვნელს,
ჯამბაზს, რომელიც დაათრევს ხელანს,
ლოთებს, რომლებიც ლოკავენ ჯამებს,
უკანასკნელაად მივყვირი ყველას:
შემინდეთ, ვისაც შეგცოდეთ რამე!

მათ კი, ვისთანაც მართლებიც ვტყუით,
ვინც წიხლით გვტენის ჯურღმულის გვიმში,
ვის გამოც პურის გამხმარი ყუით
ბინძურ საკანში ვებრძოდი შიმშილს...
თუმცა... ვკვდები და რა მათთვის მცხელა...
ცოდვილს მინდოდა მათ სულში ჩამე...
ჩამე... ჰო, ჯვარი გწერიათ ყველას,
შემინდეთ, ვისაც შეგცოდეთ რამე!

მეცლება სული, მეცვლება ნირი,
მიკრავენ ყბას და კუბოთი მდგამენ,
მაინც ძალ-ღონეს ვიკრებ და ვყვირი:
შემინდეთ, ვისაც შეგცოდეთ რამე!

ლექსი, თქმული ფრანსუა ვიიონისაგან, 
ოდეს დილეგს იჯდა და ჩამოხრჩობას ელოდა

ფრანსუა ვარ, ჩემდა ჭირად, ნარბენი და ჩანაჯენი,
პონტუასთან პარიზია, ჭირად იქ ვარ განაჩენი,
გასანთლული მოკლე თოკით აღსრულდება განაჩენი,
ხვალ გაიგებს ყელი ჩემი, რას იწონის გავა ჩემი.

იოჰან ვოლფგანგ გოეთე

გერმანელი პოეტი (1749 - 1832) 
Johann Wolfgang von Goethe

სცენები "ფაუსტიდან"

მეფისტოფელი
დიახ, ეს შენ ხარ, ვისაც მონებს ყველა სტიქია,
ცეცხლი, ეს უკვე გამოვცადეთ, ფეხქვეშ გიგია.
წყალიც შენია, არ შეგამთხვევს არაფერ საშიშს,
გინდაც პირდაპირ გადაეშვი მღელვარე ზღვაში.
მარგალიტებით მოფენილი დაგხვდება ფსკერი,
შენ ირგვლივ მტკიცედ შენივთდება მოძრავი ჩქერი,
ილივლივებენ გამჭვირვალე ნელი ჭავლები,
ლურჯი და მწვანე, კიდეებზე ძოწმონავლები.
სადაც არ წახვალ, თან წაგყვება დარბაზი შენი,
იგივ კედელნი შენივთულნი, იგივე ბჭენი.
მოჯარდებიან ურჩხულები მცურავნი ზღვა-ზღვა,
მაგრამ ვერავინ გადმოსცდება
                    შენივთულ საზღვარს.
ნახავ, ოქროსფრად შეჯავშნია დრაკონს ფერდები,
ზვიგენის ხახას მოცინარი ჩააცქერდები.
ისეთ სიმრავლეს მოიხილავ დასთა და დასთა,
ხალხმრავლობით რომ შენი კარიც
                      ვერ მივა მასთან.
ნერეიდები, ატანილნი ცნობისწადილით,
მოცურდებიან, შენს მახლობლად პოვონ ადგილი.
რომელნი _ ნორჩნი, თევზებივით დაუდგრომელნი,
დარბაისლურად მოარულნი _ რომელ-რომელნი.
თვითონ თეტისიც მოაკითხავს სასახლეს უჩვევს,
მეორე პელევსს გამოუწვდის ხელსა და ტუჩებს,
ზეაიტაცებს, ოლიმპოზე სამყოფელს მისცემს.

კაიზერი
ო, არა!
დრომდე შენ დაგითმობ ზეგარდმო სივრცეს!

* * *
მეფისტოფელი
რა ნაყარია! უშტ-უშქარი! ცეკვავს და ლაღობს!
შენ ოღონდ თესე, უცილობლად მოიწევ ნაყოფს.
ამ ძველ ტყაპუჭში რა ჩრჩილია, რა ტილ-რწყილია!
ცვივა და ცვივა! რაც არ ვფერთხავ, არ დაილია!
აიშალეთ და გაიშალეთ, თქვე ძვირფასებო,
მოედეთ ყველა ბნელ სამყოფელს, რაც აქ არსებობს.
აშარიშურდეს ყველა სკივრი, უქმი ჭურჭელი,
ჩაჟამებული პერგამენტის ყველა ფურცელი,
თავისქალების ამოავსეთ თვალთა ღრმულები,
ზინთში, წვირეში ჭუპრი ჩასხით ამოულევი!
(ქურქში გაეხვევა.)
ისევ აქა ხარ, ძველო ქურქო, მე მელოდები!
მო, კვლავ შემმოსე პრინციპალის ურგი წოდებით!
მაგრამ თუ ხალხმა ვერ მიხილოს, ვინ მაღიაროს?
მათ მოსახმობად ჩამოვრეკავ ამ საჟღრიალოს.

თხმელნართ-მეფე

ვინ მიგელავს ღამეში ტევრსა ქარიანს?
შვილი მიჰყავს პატარა, ნიუჩქარია.
არ აშინებს გზაწვრილი არავითარი,
ბიჭი მყარად უპყრია, გულზე მიმთბარი.

შვილო, რატომ შეჩქვიფდი, რა დაგემართა?
შეხე, მამა, ღელისპირს მეფე თხმელნარტა!
გვირგვინი აქვს! კუდი აქვს! ხევს დაჰყოლია!
არა, შვილო, დამშვიდდი, ნისლის ზოლია.

„ჩემი გახდი, პატარავ, არ მყავს ვაჟები,
ლამაზ-ლამაზ თამაშებს გეთამაშები.
ავსილია ნაპირი ვარდით, იითა,
დიბით მოგრთავს დედამტე, დარაიითა.“

მამა, ყური მიუგდე, ნუთუ არ გესმის,
ხმები მისი ლაქარდის, ნელი ალერსის?
შვილო, არაფერია, ნუ შეშფოთდები,
ქარმა შეაშრიალა ხმელი ფოთლები.

"იქ გახედე, პატარავ, სადაც ლელია,
ნახე, ჩემი ასულნი როგორ გელიან!
დაგიწნავენ გვირგვინებს, გილალავებენ,
გიმღერებენ, გიროკვენ, გინანავებენ."

მამა, სადაც ნაპირი ვერცხლისფერია,
თხმელნართ მეფის ასულნი ქარში მღერიან.
შვილო, მკვდარი ფლატეა, გადარეცხილი,
წნორები დგას ბებერი, გადავერცხლილი.

„ჩემად მსურხარ, პატარავ, მესალბუნები,
არ წამოხვალ, წაგიყვან, ნება-უნებლივ.“
ჩქარა, მამა, გვეწევა! ხელი შემართა!
მამა, გულზე მეწვდება მეფე თხმელნართა!

მიქრის ცხენი, ფლოქვებით ელვის მკვესარი,
მამის მკერდზე წრიალებს ბავშვი მკვნესარი.
აჰა, კიდეც მიადგნენ სახლის კარიბჭეს,
მაგრამ მამის მკლავებში ბავშვი მკვდარი წევს.

Комментариев нет:

Отправить комментарий