აკაკი გელოვანი

დაიბადა 1923 წელს. პირველი ნაწარმოები 14 წლისამ გამოაქვეყნა. მესტიის პედაგოგიური ტექნიკუმის დამთავრების შემდეგ თბილისის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა. 1953 წლიდან სისტემატურად ბეჭდავდა ლექსებს, მოთხრობებს, რომანებს; აღსანიშნავია წიგნი მსოფლიო ხელოვნების კორიფეებზე - „მარად ცოცხალი ხელოვნება“. აკაკი გელოვანმა თარგმნა ცვაიგის, ლაქსნესის, ბოდენშტედტის, გრიფიუსის, შუდერის, შვაბის და სხვა მწერლების ნაწარმოებები, აგრეთვე გოეთეს, მიცკევიჩის, ჰაინეს  და სხვების პოეზია.
გარდაიცვალა 1996 წელს.


იოჰან ვოლფგანგ გოეთე

გერმანელი პოეტი,  
Johann Wolfgang von Goethe (1749 - 1832)

* * *
მდუმარებენ მწვერვალები,
მისცემიან რულს...
აღმართი ვერ აგივლია,
ვეღარ ითქვამ სულს,
მწვანე ტყეში მწუხრი წვება
ჩიტიც არა სტვენს,
ცოტა ხანი მოითმინე,
მოისვენებ შენც.

* * *
ბიჭმა ველზე ვარდი ნახა,
მწვანე ველის ვარდი,
იყო ქორფა,  იყო ტურფა,
შედგა ბიჭი მარდი,
მიირბინა და უცქირა,
გაეფანტა დარდი.
ვარდი, ვარდი ალისფერი,
მწვანე ველის ვარდი.

ბიჭმა უთხრა: რომ მოგწყვიტო,
მწვანე ველის ვარდო?
ვარდმა უთხრა: რომ გიჩხვლიტო,
სულ რომ ჩემზე დარდობ,
მე კი მტკივა, გული მტკივა,
ვიტანჯები მარტო.
ვარდო, ვარდო ალისფერო,
მწვანე ველის ვარდო.

და მოწყვიტა ავმა ბიჭმა
მწვანე ველის ვარდი,
ვარდ ჩხვლეტდა, თავს იცავდა,
არ გავიდა ფანდი,
ვერაფერმა ვერ უშველა,
გაიმრავლა დარდი...
ვარდი, ვარდი ალისფერი,
მწვანე ველის ვარდი.

* * *
ერთი ქორფა ყვავილი
ამოსულა ობლადა,
ადრიანად გაშლილა
მიწის შემამკობლადა.
მოფრენილა ფუტკარი,
ყვავილს ესალბუნება...
ერთიმეორისათვის
შეუქმნია ბუნებას.

* * *
ისევ თოვლი დაცვივდა,
მიწა სუსხით დარახტა,
ნატვრა ყველა ყვავილთა,
ნატვრა ყველა ყვავილთა
არ იქნა და არ ახდა.

მზეც კი ვეღარ აცხუნებს
თავის წამისყოფითა
და მერცხალიც გვატყუებს,
და მერცხალიც გვატყუებს,
რატომ? მარტო მოფრინდა?

მარტო ჩემი ფიქრებით
ადრე ვეღარ დათბება
და თუ ერთად ვიქნებით,
და თუ ერთად ვიქნებით
გაზაფხულიც დადგება.

* * *
აჰ, დაგვინდობდა მისანი,
იკლებდა შმაგი მიზანი,
ამდენ ამაო სწრაფვაში
არც მე არ დავიწყევლები,
იქნებ არც სხვები გარიყოს
ბედმა, რომ ქვეყნად არ იყოს
ღვინო და ქალის ცრემლები.

* * *
სანატრელო! მძიმე ტომში
შებოჭილა ლექსი ჩემი,
წმინდა ციურ სამეფოში
რომ დაქროდა ფრთების ცემით.
ყველას ღუპავს ჟამთა დენა,
მხოლოდ ლექსი ცოცხლობს მარად,
და სტრიქონი, ტრფობის ენა,
უნდა ქუხდეს მთად და ბარად.


ბედნიერი მგზავრობა

იფანტებიან ნისლები,
შუბლი ეხსნება ცას
და ეოლოსიც თავსა ხსნის
თავის საშინელ ტყავს.
აწივლდებიან ქარები,
ასწევს მენავე თავს,
გაიშლებიან აფრები,
ტალღა კამარას კრავს,
მიახლოვდება შორეთი,
აგერ მამულიც ჩანს.

სიცილიური სიმღერა

შავთვალებავ, შენს ნიშანზე
რვალზე მტკიცედ ანაგები
ინგრევიან სახლები და
იქცევიან ქალაქები.

და ეს სუსტი ძვლის კედელი,
ამ ჩემს გულთან აღმართული,
როგორ გინდა არ დაიქცეს,
შენს ბადეში გახლართული.

ადამ მიცკევიჩი

პოლონელი პოეტი  (1798-1855)
Adam Mickiewicz
ფილარეტების სიმღერა

ძმებო, სინორჩე სად არის?
სიცოცხლემ ერთხელ იალა!
ავწიოთ ფიქრის სადარი
ეს ჩვენი ოქროს ფიალა!
ჩემოვატაროთ პატარა
მეგზური ლარი დროების,
ფსკერამდე შევსვათ მათარა,
გამოჩნდეს სიღრმე ცხოვრების!
ყველამ მიხედოს მის კერას,
ჩვენ კი ჩვენი გვაქვს ფიალა,
და ჩვენს მშობლიურ სიმღერას
ვმღერივართ ომახიანად.
ვისწავლოთ, ჟამთა სრბოლაში
რომ არ ჩამოვლპეთ ზეზედა!
გვწამს რომაელი - ბრძოლაში,
სმა და სიმღერა - ბერძენთა!
ჰა, სჯულმდებელო სასმისი!
მემუსიკენიც იქ სხედან!
დღეს აქ ილხინე ხალისით,
ხვალ კი სამართალს მიხედავ.
ბრბო ისევ ოქროს ბრჭყვიალით
დათვრეს და მოილხინოსა!
ჩვენა ვსვამთ ოქროს ფიალით
მაგ სანაქებო ღვინოსა!
თავისუფლებას ვერ ვნახავთ
ფუჭი კაზმული ფრაზებით;
თუ ჩვენს თანხმობას შევლახავთ,
გვიჯობს გავჩუმდეთ სავსებით.
ვინ სძლევს ქიმიკოსს ცოდნაში!
სიბრძნე მოგვიტანს სიახლეს;
სხვა კიდევ ქალის კოცნაში
ეძებს სიცოცხლის სიამეს.
თვით არქომედი - წვდომითა
და სიღრმით გამორჩეული,
იყო, მენცარი ცთომილთა,
უსახლკარო და ეული.
თუ ნიუტონიც ხალისით
ზომავდა ურიცხვ სამყაროს,
დათვალოს ძმები თავისი,
ცათა ძვრა მერე გვახაროს!
ფარგლით ნახაზი ზეცისა
მკვდარია - ზეცა შორია!
ჩვენთვის ხომ ძალა რწმენისა
ძალთა ზომაზე სწორია!

ჰაინრიხ ჰაინე

გერმანელი პოეტი (1797 - 1856) 
Christian Johann Heinrich Heine

ჰ. შ.-ს * *

როგორც კი შენი კოხტა წიგნი გავშალე, ვნახე,
რა გულითადი, ლაღი, ოქროს სურათებია!
კვლავ მესალმება, რასაც შვებით უნათებია -
ყრმობის ოცნება, სიამენი ბავშვობის დღეთა.

ვხედავ ხელახლა, დგას ამაყი, ცად აღმართული,
რწმენით ნაგები გერმანიის დიდი ტაძარი,
მესმის შორი ხმა: ქუხს ორღანო, ქორო და ზარი,
ხმა, სიყვარულის ტკბილ ჩივილთან გადახლართული.

ვხედავ იმ თავხედ არსებებსაც, უხეშს და უხამსს,
ტაძრის გარშემო ერთობიან მარჯვე ჯუჯები
ყვავილ-ჩუქურთმის წეწვა-გლეჯით და გაფუჭებით.

მაგრამ რაც უნდა მოაგლიჯონ ფოთლები მუხას,
სულაც განძარცვონ სხივმოსილი შენი ოცნება, -
მოვა მაისი და ხელახლა შეიმოსება.

Комментариев нет:

Отправить комментарий