გივი გეგეჭკორი

დაიბადა 1933 წლის 24 იანვარს, თბილისში. 1956 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილება. პირველი ლექსები გამოაქვეყნა 1952 წელს ალმანახ „პირველ სხივში“. 1958-77 წლებში მუშაობდა ჟურნალ „ცისკრის“ ლიტერატურულ მუშაკად, შემდეგ კი პოეზიის და პროზის განყოფილების გამგედ.
გამოცემული აქვს საკუთარი და თარგმნილი ლექსების რამდენიმე კრებული, მათ შორის: ფრანგი პოეტების თხზულებათა თარგმანები (კრებული - „ფრანგული პოეზია“, 1968 წ; გიიომ აპოლინერის „ლექსები“, 1972 წ), წერილები ლიტერატურისა და ხელოვნების საკითხებზე, „ფრანგული პოეზიის ანთოლოგია“ (1990 წ).
გარდაიცვალა 2002 წელს.


ფრანსუა ვიიონი

ფრანგი პოეტი,  Francois Villon (XV ს შუა წლები)

ბალადა გარდასული დროის ქალბატონებზე

რომელ მხარეში შთანთქა წყვდიადმა
ფლორა, დიადი რომის მშვენება,
ან თაისი და არქიპიადე
სად გაიტაცეს დროის ცხენებმა;
ან მათი ექო, წყალს რომ მოჰქონდა,
და დაცემული ტბაზე ბინდები,
ან ის სინაზე და ჯადოქრობა?..
სად არის თოვლის შარშანწინდელი?

ან ელოიზა დრომ სად ისროლა,
რომლის მშვენებამ პიერ აბელარს
არგუნა ბედად საჭურისობა
და სიყვარულის სული შთაბერა;
ან დედოფალი სად გაქრა, რომლის
ნებით აქაფდა სენის ზვირთები
და ბურიდანი ისროლეს ტომრით?..
სად არის თოვლი შარშანწინდელი?

დედოფალ ბლანშზე რას იტყვით ნეტავ,
სადღაა მისი ხმა და მაისი.
ან დიდფეხება სად არის ბერტა,
ან არამბურჟის სახლი მაინზე;
ლორენის მკვიდრი სად არის, ჟანა,
რომ აგიზგიზდა მისი დიდების
ცეცხლი რუანში. აღარსად ჩანან...
სად არის თოვლი შარშანწინდელი?

ვერვინ წაუვა, პრინცო გარდუვალს,
ქრება ციმციმიც მარგალიტების
და ვიმეორებთ სოფლის სამდურავს:
სად არის თოვლი შარშანწინდელი?

ვედრების ბალადა

ბერებს, მონაზვნებს, მღვდლებს და დიაკვნებს,
ვინც სამოთხეში შესვლას აპირებს
და ვინც ტავერნებს აფორიაქებს,
მსახურთ, მათხოვრებს და დოყლაპიებს,
კარგად მორგებულ ფეხსაცმელიან
და ვიწრო კაბით მორთულ დედოფალს,
ვისაც დუქნებში ახლაც ელიან –
მე გევედრებით ყველას შენდობას.

კახპებს, რომლებსაც უთრთით ჯიქნები
და მათი მკერდით დამთვრალ დარბაზებს,
ქურდებს, რომლებიც დანას იქნევენ,
გამომძალველებს და მატრაბაზებს,
ქუჩის თვალთმაქცებს, ვის შეძახილზეც
ხალხი ბღავის და ხალხი ერთობა;
ბიჭებს, გოგოებს, ბრმებს და მახინჯებს,
მე გევედრებით ყველას შენდობას.

თქვენ კი ჯაშუშებს, ღამის ნაგაზებს,
ვის გამოც ახლა ამ ბნელ საკნებში
ვზივართ სველზე და ვზივართ ნაგავზე
და გვენატრება პურის ნაგლეჯი,
სულს ჩაგისვრიდით, ნამდვილად ღირდა,
მაგრამ შარვალი ჯერ არ მეთმობა,
ღირსი არა ვარ, თუ ვინმე მქირდავს...
მე გევედრებით ყველას შენდობას.

არ შეარჩინოთ, გაფიცებთ ძმობას,
გამცემს სიავე და თავხედობა,
ნუ დაიშურებთ კეტსა და კომბალს
და გევედრებით ყველას შენდობას!

თეოფილ გოტიე

ფრანგი პოეტი
Pierre Jules Theophile Gautier 
(1811 - 1872)

საიმქვეყნიო კოპწიაობა

როცა მოვკვდები, ვიდრე მიმავალს
დამიჭედებდეთ კუბოს ლურსმანით,
კარგი იქნება, ფერმკრთალ ყვრიმალებს
თუ ცოტაოდენ ფერს წაუსვამდით.

მე მსურს, ისეთი, შენ რომ გამიცან,
ვიყო, მიწაში როცა ჩავწვები,
წარბზე ფანქარი რომ გადამისვან
და ვარდისფერი მქონდეს ღაწვები,

ვიცი, სუდარა მელის უხეში,
მაგრამ მე მინდა უსპეტაკესი
რომ დამეფინოს შიშველ მუხლებზე
მუსლინის კაბის ყველა ნაკეცი.

გამორჩეული ვიყავი იმით
და მიმზიდველი როგორც ნახატი
როცა პირველად მაჩუქე ღიმი...
აქამდე მქონდა და ვინახავდი.
ვიტყოდი უარს დიდი ხალისით
თვით ყვავილებზეც, ცრემლიც მაკმარეთ,
მხოლოდ დამიდეთ თავქვეშ ბალიში
და ჩემი თავი ანდეთ მაქმანებს.

ვერვინ მიხვდება ვერც ვარაუდით,
სიგიჟეს შუბლი ვით შევაგებეთ
და გონდოლების გრძნობდა მაუდი,
რომ მიკოცნიდა მკერდს და ბაგეებს.

და ბოლოს, მინდა, ვით მეგობარი
ჩემს გაყვითლებულ ხელებს საკუთრად
კრიალოსანი ანდოთ ოპალის
რომელიც რომის პაპმა აკურთხა.

მე ბინადარი ცივი სასახლის
იმ კრიალოსანს ვიხმარ მოცლილი
და გავიხსენებ იმ ლოცვავსავით
როგორ ითვლიდი, როცა მკოცნიდი.


შარლ ბოდლერი 

ფრანგი პოეტი 
Charles Pierre Baudelaire
(1821 - 1867)

ალბატროსი

აბორგებული სტიქიონის მკერდზე მატროსებს,
როცა შეიპყრობს ნაღველი და გართობა უნდათ,
იჭერენ ხოლმე ზღვის ფრინველებს, დიდ ალბატროსებს,
რომელნიც ხომალდს მოწყენილნი მისდევენ გუნდად.

მსხვერპლი უხეშად დაგდებული აწყდება გემბანს,
ლაჟვარდის მეფე, მოწყვეტილი ცას და სინათლეს,
მოუქნელი და შერცხვენილი უმწეოდ კვდება
და ფრთებს ვეება ნიჩბებივით ძლივსღა მიათრევს.

ახლახან ცაში ადიოდა ჩვეულ სისხარტით,
ახლა უმზერენ უსიცოცხლოს, ტლანქს და საძაგელს,
ხარხარით სჩრიან აბოლებულ ჩიბუხს ნისკარტში
და ხტუნვა-ხტუნვით დაკოჭლებულ ფრთოსანს ბაძავენ.

ასე პოეტი მშვილდოსანთა უძლებს დაცინვას,
ღრუბლებს ბრძანებლობს და გრიგალთან ღამეს ათენებს,
მაგრამ მიწაზე, სადაც კაცთა დგას ღრიანცელი,
რომ გაიაროს, ფრთები უშლის გოლიათური.


პოლ ვერლენი 

ფრანგი პოეტი
Paul Marie Verlaine (1844 - 1896)

ჩემს სულს აწვიმს
რა უსიტყვო ნაღველს მალავს
სული, ჩემი მეუფე,
სულსაც აწვიმს, როგორც ქალაქს,
ანდა მის გარეუბნებს.
აწვიმს მიწას და სახურევს
და შრიალით ავივსე,
სევდა სულში ჩასახული
უკრავს წვიმის კლავიშზე.
ცხოვრობს სულით ეს ობლობა
ჩუმი წვიმის მეზობლად
სულში ჩაჯდა ვით ობობა,
სევდის უმიზეზობა.
და მით უფრო არის მძაფრი
უმიზეზო ნაღველი
არსაიდან რომ არაფრით
არის ნაკარნახევი.

Комментариев нет:

Отправить комментарий